მოლდოვას, საქართველოს და უკრაინის დეპუტატები კოორდინაციის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ
მოლდოვას, საქართველოს და უკრაინის ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა კომიტეტების დეპუტატები აღმოსავლეთ პარტნიორობის ამ სამი ქვეყნის პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის ინიციატივის დაწყებაზე შეთანხმდნენ მთელ რიგ საკითხებზე პოლიტიკის კოორდინაციის მიზნით, დაწყებული ევროკავშირში ინტეგრაციით და დამთავრებული ვაჭრობითა და უსაფრთხოებით.
ერთობლივი დეკლარაცია, რომელიც 5 მაისს ევროპასთან ინტეგრაციის და საგარეო საქმეთა კომიტეტების დეპუტატების და თავმჯდომარეების ორდღიანი ფორუმის დასრულების შემდეგ იქნა მიღებული, იმეორებს „ევროპული ინტეგრაციის საერთო მიზანს“ და ხაზს უსვამს „კოორდინირებული დიპლომატიული“ ძალისხმევის მნიშვნელობას უსაფრთხოების კუთხით არსებულ საერთო გამოწვევებთან გასამკლავებლად.
ერთობლივ დეკლარაციაში ევროპასთან ინტეგრაციის და საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები მიესალმებიან მოლდოვას უვიზო რეჟიმს ევროკავშირთან, რომელიც 1 წლის წინ ამოქმედდა და აცხადებენ, რომ 21–22 მაისის „აღმოსავლეთ პარნტიორობის რიგის სამიტზე ისინი საქართველოსთვის და უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედების თაობაზე დადებით გადაწყვეტილებას ელიან“.
საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხზე დამოკიდებული იქნება ევროკომისიის ანგარიშზე, რომელიც მომდევნო კვირას იქნება წარმოდგენილი და რომელშიც დეტალურად იქნება ასახული, თუ როგორ ასრულებს საქართველო ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით აღებულ ვალდებულებებს რეფორმების განხორციელების კუთხით. სამოქმედო გეგმა წარმოადგენს მოთხოვნების დეტალურ ჩამონათვალს, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს ევროკავშირისგან შენგენის ზონაში მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის მისაღებად.
სამი ქვეყნის მაღალი რანგის დეპუტატები შეთანხმდნენ, რომ ევროპასთან ინტეგრაციის და საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეების ყოველწლიური შეხვედრები გამართონ „პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის პოლიტიკური დღის წესრიგის შეფასების, განხილვის, კოორდინაციის და შედგენის მიზნით, რომლის ფარგლებშიც ასევე შესაძლებელი იქნება სპეციალური შეხვედრების მოწვევა სამიდან ნებისმიერი ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე“. ისინი ასევე შეთანხმდნენ პარლამენტთაშორისი სამუშაო ჯგუფების შექმნაზე კომიტეტების წევრთა მონაწილეობით და ასევე რეგულარული საკომუნიკაციო არხის დაფუძნებაზე კომიტეტების თანამშრომლებს შორის ინფორმაციის და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით.
4 მაისს ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ დეპუტატებს სამი ქვეყნიდან უფრო ხშირი და აქტიური კონტაქტები უნდა ჰქონდეთ მეტი კოორდინაციის და საერთო გამოწვევებთან უკეთ გამკლავების მიზნით.