პრეზიდენტმა მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა პარლამენტს წარუდგინა

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 6 მაისს პარლამენტს მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა წარუდგინა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, რომელსაც დეპუტატები 8 მაისს დაგეგმილ რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ და უყრიან კენჭს.

მანამდე, 7 მაისს, პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, ქუთაისის პარლამენტის შენობაში გაიმართება საკომიტეტო მოსმენები და ასევე პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მისი კაბინეტის წევრების შეხვედრები ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობასთან, ოპოზიციურ "თავისუფალ დემოკრატებთან" და ქართული ოცნების უმრავლესობასთან.

მთავრობას პარლამენტის ნდობა იმის გამო სჭირდება, რომ ივლისის შემდეგ, როცა ის დეპუტატებმა ბოლოს დაამტკიცეს, მისი შემადგენლობა სულ ცოტა ერთი მესამედით განახლდა.

პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა განახლებული კაბინეტის ფარგლებში 1 მაისს სამი ახალი მინისტრი დანიშნა – თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, რომლებიც ჯერ-ჯერობით ასევე ინარჩუნებენ სადეპუტატო უფლებამოსილებას და სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი. 

თუმცა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა გასულ პარასკევს განაცხადა, რომ დაუყოვნებლივ არ წარადგენდა განახლებულ შემადგენლობას და გამოიყენებდა კონსტიტუციით მისთვის მინიჭებულ ერთკვირიან ვადას იმისათვის, რომ მთავრობას და პარლამენტს გამოეყენებინა ეს დრო, რათა „უფრო მშვიდ გარემოში განახორციელონ კონსულტაციები და ჩამოყალიბდნენ მთავრობის შემადგენლობის თაობაზე“.

მთავრობის წარმომადგენლებმა ბოლო დღეების განმავლობაში არაერთხელ განაცხადეს, რომ წარდგენილ შემადგენლობაში რაიმე ცვლილებები არ იგეგმებოდა. პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს მისი კაბინეტის დროულად წარდგენისკენ ასევე არაერთხელ მოუწოდა.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ერთკვირიანი ვადის ამოწურვამდე ორი დღით ადრე, 6 მაისს გადაუგზავნა პარლამენტს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა განსახილველად.

იმავე დღეს, ვიდრე მისი ეს გადაწყვეტილება ცნობილი გახდებოდა, მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა: „მე შედეგს ვხედავ იმას, რომ ეს პროცესი შედგა“. 

„ბუნებრივია, ეს ერთჯერადი პროცესი არ არის. ნებისმიერ სხვა მომენტში, როცა დავინახავთ, რომ არ იქნება პოლიტიკური მდგრადობა, მე ხელს შევუწყობ ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ მივიდეს მშვიდ გადაწყვეტილებამდე", – განაცხადა მარგველაშვილმა ოთხშაბათს.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ბოლო დღეების განმავლობაში რამდენჯერმე გაიმეორა,  რომ პარლამენტი მზად იყო, რომ მთავრობისთვის ნდობა მიმდინარე კვირაში გამოეცხადებინა, რათა მომავალ კვირას თბილისში დაგეგმილი ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის ყოველწლიური შეხვედრისთვის ეს პროცედურები დასრულებული ყოფილიყო.

ოთხშაბათს საღამოს გამართულ ბიუროს სხდომაზე უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ის პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართავს.

ამავე რიგგარეშე სხდომაზე, ვიდრე მთავრობის ნდობის საკითხს ეყრება კენჭი, დეპუტატები ასევე მიიღებენ გადაწყვეტილებას მათი კოლეგების, ქართული ოცნების რესპუბლიკელი წევრების თინა ხიდაშელისა და გიგლა აგულაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, რადგან მათ 1 მაისიდან პარლამენტის წევრთან შეუთავსებელი თანამდებობები უკავიათ მთავრობაში.

ორი დეპუტატის გამოკლების შედეგად 150-წევრიანი პარლამენტის სიითი შემადგენლობა 147 წევრამდე შემცირდება; ეს კი გამოიწვევს მთავრობისთვის ნდობის გამოსაცხადებლად საჭირო ხმების 74-მდე დაწევას. 

თუ მთავრობა ნდობას ვერ მიიღებს, მაშინ თავდაპირველად წარდგენილ ან განახლებულ შემადგენლობას 30 დღის ვადაში განმეორებით ეყრება კენჭი. თუ ამ შემთხვევაშიც პარლამენტი ნდობას ვერ გამოუცხადებს მთავრობას ან არ იქნება წარდგენილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, მაშინ პრეზიდენტი 7 დღის ვადაში უკვე სულ ცოტა 60 პარლამენტარის მიერ წარდგენილ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს წამოაყენებს. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის წევრთა ორი სხვადასხვა ჯგუფიდან დასახელდება 2 კანდიდატურა, მაშინ პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრად მას დაასახელებს, რომელიც უფრო მეტმა დეპუტატმა წარადგინა, ხოლო თუ წარმდგენთა რაოდენობა თანაბარი იქნა, მაშინ პრეზიდენტი თავად გააკეთებს არჩევანს ერთ-ერთის სასარგებლოდ.

პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის ხელახლა წამოყენების შემდეგ მოდის ორკვირიანი ვადა, რომლის განმავლობაშიც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა კაბინეტის წევრები უნდა წარუდგინოს პარლამენტს განსახილველად და დეპუტატებმა კენჭი უყარონ მთავრობას. 

თუ მესამე ცდაზეც ვერ გამოუცხადებს პარლამენტი მთავრობას ნდობას, კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი 3 დღის ვადაში დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს, რომელიც იმართება ამ ბრძანებულების ამოქმედებიდან მე-60 დღეს.