ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 5%–მდე გაზარდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ოთხშაბათს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით 5%–მდე გაზარდა და მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ წლის ბოლოსთვის საპროცენტო განაკვეთი 5.5%–მდე გაიზარდოს.

წლიურმა ინფლაციამ აპრილში 2.5% შეადგინა, რაც ეროვნული ბანკის მიერ პროგნოზირებულ 5%–იან მაჩვენებელზე ნაკლებია.

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განაცხადა, რომ ქართული ლარის გაუფასურებამ ინფლაციის მოლოდინები გაზარდა, რაც „შესაძლოა აისახოს ინფლაციის მიზნობრივი დონიდან გადახრის რისკებზე საშუალოვადიანი პერიოდისთვის“.

„აღნიშნულის ფონზე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს საპროცენტო განაკვეთის  ეტაპობრივ ზრდას წლის ბოლოსთვის 5.5 პროცენტამდე“, – განაცხადა ბანკმა.

2014 წლის ნოემბრის დასაწყისიდან, როდესაც ქართულმა ვალუტამ გაუფასურება დაიწყო, ლარმა აშშ დოლარის მიმართ თავისი ღირებულების 32.5% დაკარგა.

ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში არსებული ნეგატიური ეკონომიკური ტენდენციები განაგრძობს უარყოფითი გავლენის გადმოცემას საქართველოს ეკონომიკაზე, რომლის ფონზეც  შემცირებულია საქონლის ექსპორტი, ფულადი გზავნილები და ტურისტული შემოდინებები.

მან ასევე განაცხადა, რომ ლარის გაუფასურება უკვე იწყებს ასახვას იმპორტის მოთხოვნაზე, რაც, თავის მხრივ, საგარეო დისბალანსის აღმოფხვრას უზრუნველყოფს და ადგილობრივ მოთხოვნას უწყობს ხელს. ეროვნულმა ბანკმა ასევე განაცხადა, რომ პირველ კვარტალში ეკონომიკური აქტივობა პროგნოზირებულზე მაღალი იყო, თუმცა, აპრილში გამოიკვეთა დაკრედიტების მნიშვნელოვანი შენელება.