პრემიერ-მინისტრისა და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების ურთიერთბრალდებები უმცირესობის სხდომაზე
ნაციონალური მოძრაობის უმცირესობის სხდომა, რომელიც მთავრობის განახლებული შემადგენლობის მოსმენას მიეძღვნა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ოპოზიციონერი დეპუტატების სიტყვიერი პაექრობის ფონზე მიმდინარეობდა ორ საათზე მეტი ხნის განმავლობაში, რომლის დროსაც მხარეები ერთმანეთს „ტყუილებში“ ადანაშაულებდნენ.
თავისი შესავალი სიტყვა, რომელშიც ძირითადი ყურადღება სხვადასხვა მიმართულებით მთავრობის მიღწევებზე გამახვილდა, ირაკლი ღარიბაშვილმა იმაზე საუბრით დაიწყო, რომ მას არც იმედი და არც მოლოდინი არ ჰქონდა იმისა, რომ უმცირესობა „ადეკვატურად შეაფასებს 2012 წლის არჩევნების შემდეგ ჩვენი მთავრობის მიერ გაწეულ საქმიანობას“.
„მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ის სასიკეთო ცვლილება და რეფორმა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, დადებითად აისახება საქართველოს ყველა მოქალაქის კეთილდღეობაზე, მათ შორის თქვენ და თქვენს ოჯახებსაც შეეხება“, – მიმართა მან დეპუტაციას ნაციონალური მოძრაობიდან, „მე აღარ შევეხები ჩვენს შორის არსებულ ღირებულებით განსხვავებებს და დღეს მხოლოდ ჩვენი ქვეყნის დღევანდელობაზე და მომავალზე ვისაუბრებ. დღეს გამოჩნდება შეგწევთ თუ არა ძალა თვალი გაუსწოროთ პროგრესს და აღიაროთ გაკეთებული საქმეები“.
თუმცა ღარიბაშვილმა თავის გამოსვლაში რამდენიმე შედარება მაინც მოიყვანა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენით უფრო მეტის გაკეთება შეძლო ქართული ოცნების ხელისუფლებამ, მათ შორის სოფლის მეურნეობაში, სამართალდამცავთა სოციალური დაცვის კუთხით, ვიდრე ეს წინა ხელისუფლებამ წლების განმავლობაში ვერ გააკეთა.
„არ მოველოდით, რომ ადეკვატური იქნებოდით და ეს მოლოდინი გამართლდა“, -მიმართა შესავალი სიტყვის დასრულების შემდეგ პრემიერს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა, რომელმაც ნდობის მისაღებად წარდგენილ მთავრობას „არაფორმალური ლიდერის მარიონეტები“ და „უნიათოები“ უწოდა.
ძირითადი პრეტენზიები, რასაც ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები პრემიერ-მინისტრს უყენებდნენ, უკავშირდებოდა ეროვნული ვალუტის გაუფასურებას და ამის შედეგად მოსახლეობის „გაღარიბებას“, ეკონომიკურ სირთულეებს, რომელიც, მათი თქმით, მთავრობამ წინასწარ ვერ გათვალა, ასევე "გაუარესებულ კრიმინოგენულ ვითარებას" და პრემიერ-მინისტრის „კლანთან“ დაკავშირებულ პრობლემებს.
„არ ვაპირებ, რომ თქვენს დემაგოგიას ავყვე… თქვენს შეურაცხყოფებს ვუპასუხო, მოგონილ ცრუ ცილისწამებებზე გავცე პასუხი, მაგრამ გეტყვით ერთს, რომ ჩვენ ჩვენი საქმით ვაჩვენეთ როგორია ჩვენი მიდგომები და ღირებულებები“, – უპასუხა ღარიბაშვილმა.
ლარის კურსთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრისას, ღარიბაშვილმა გაიმეორა, რომ ეს პრობლემა ძირითადად, გარე ფაქტორებით არის განპირობებული და საქართველო ვერ იქნებოდა გამონაკლისი ამ კუთხით, თუმცა ასევე ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობაზეც მიანიშნა და პირველად განაცხადა, რომ მისი მოსაზრებაც იყო, რომ ეროვნული ბანკი „უფრო აქტიურად უნდა ჩარეულიყო“ და მეტი რეზერვები უნდა დაეხარჯა პროცესის შესაჩერებლად, თუმცა ბანკმა სხვაგვარად იმოქმედა.
2014 წლის ნოემბრის დასაწყისიდან, როდესაც ქართულმა ვალუტამ გაუფასურება დაიწყო, ლარმა აშშ დოლარის მიმართ თავისი ღირებულების 32.5% დაკარგა. წელს ეროვნული ბანკმა 200 მლნ დოლარის ოდენობით ხუთი ინტერვენცია განახორციელა (40 მილიონი აშშ დოლარი თითოეული ინტერვენციის დროს).
„ლარის სტაბილურობაზე ძირითადი პასუხისმგებლობა ეკისრება ეროვნულ ბანკს, რა თქმა უნდა, მთავრობის ნაწილში ჩვენ ვმუშაობთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ხელი შევუწყოთ ლარის სტაბილიზაციას, რაც დაიწყება, ჩვენი პროგნოზებით და ასევე ეროვნული ბანკის პროგნოზებით, უახლოეს 2-3 კვირაში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ მთავრობა ამ მიზნის მისაღწევად კონკრეტული გეგმით მოქმედებს, მათ შორის პრივატიზაციის გააქტიურების მიმართულებით.
„მთავრობა რომ ეკონომიკას ჩამოშლის, ეროვნულმა ბანკმა უნდა გადაარჩინოს? ესაა ხომ თქვენი ლოგიკა“, – მიმართა ღარიბაშვილს რეპლიკით ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა პეტრე ცისკარიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც მთავრობის სხვა წევრებთან ერთან ასევე ესწრებოდა უმცირესობის სხდომას, განაცხადა: "შეიძლება ჩვენგან არის შეცდომები და არ არის ყველაფერი იდეალური, მაგრამ ასეთი დონის 100-ზე გამრავლება პრობლემის, მე მგონია, რომ არაობიექტურია და ამითი ჩვენ საუკეთესო შედეგს ნამდვილად ვერ მივიღებთ“.
კვირიკაშვილის მსგავსად პრემიერ-მინისტრსა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის მიმდინარე მწვავე პოლემიკაში სხვა მინისტრებიც ერთვებოდნენ. ერთ მომენტში, როცა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი გიორგი ვაშაძე, რომელიც წინა ხელისუფლებაში იუსტიციის სახლების დანერგვის პროექტს კურირებდა, პრეტენზიებს გამოთქვამდა ამ პროექტის განვითარების ტემპების გამო, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უპასუხა მას, რომ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პრობლემები დახვდა ამ სფეროში, მათ შორის სამშენებლო ნაგვის სახით თბილისის იუსტიციის სახლის სხვენში და ახალ მშენებლობებთან ერთად, ამჟამად ამის გამოსწორებაც ხდება.
„ჩვენ იმაზე მეტი სამშენებლო ნაგავი დავტოვეთ, ვიდრე თქვენ ააშენეთ“, – მიმართა წულუკიანს ვაშაძემ.
„ჩვენ ნაგავი 2012 წლის ოქტომბერში გავიტანეთ, რომელიც აღარ დაბრუნდება“, – უპასუხა იუსტიციის მინისტრმა ნაციონალურ მოძრაობაზე მინიშნებით.
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გოგა ხაჩიძემ განაცხადა, რომ ოპონენტებზე კვერცხების სროლა ხელისუფლების ხელწერად იქცა და „მე იმედი მაქვს, რომ თქვენ როგორც მომავალი პრემიერ-მინისტრი, კვერცხების სროლას თუ არა, ტყუილების თქმას მაინც შეეშვებით“.
ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ მართალია „ძალიან სამწუხაროა“ დაპირისპირების ის ინციდენტები, რომლის დროსაც კვერცხების სროლა ხდებოდა, მაგრამ „თქვენს თავს ჰკითხეთ რატომ დაიმსახურეთ მოსახლეობიდან კვერცხების სროლა… მიიღეთ ის, რაც დაიმსახურეთ“.
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ პრემიერ ღარიბაშვილს უთხრა, რომ "რა ტონშიც" ის იწყებს ლაპარაკს, "იგივე ტონში" იღებს შემდეგ პასუხებს.
„საქმიანი ურთიერთობის მაგივრად, ყველაფერი გადაიქცა რაღაც საშინელებად, მაგრამ ამის ინიციატორი იყავით თქვენ“, – განაცხადა ბობოხიძემ, „ჩვენ რაც შეგვეშალა იმის შედეგს ვიმკით, თქვენი პასუხისმგებლობა გაისიგრძეგანეთ და დაანებეთ თავი ‘თქვენ ასე შვებოდით და თქვენ ისე შვებოდით’, ილაპარაკეთ რა უნდა გააკეთოთ ხვალ იმისთვის, რომ ქვეყანა გამოიყვანოთ ამ მდგომარეობიდან“.
„თქვენთან პრაქტიკულად შეუძლებელია რაიმე სახის ნორმალური,კონსტრუქციული დიალოგი. მე ვწუხვარ, რომ ასეთ ფორმაში განვითარდა [მოსმენა], მაგრამ ეს არის თქვენი დამსახურება“, – უპასუხა ღარიბაშვილმა.
უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ, რომელიც სხდომას უძღვებოდა და ხშირად უხდებოდა თავისი თანაგუნდელებისა და მთავრობის წევრებისთვის იმის მითითება, რომ ერთმანეთს არ ჩაჭროდნენ საუბარში, განაცხადა, რომ „არავის არ გვქონდა იმის ილუზია, რომ დღეს დარბაზში წარმოდგენილი ორი მხარე რაიმე ერთიან შეფასებამდე ან ერთიან შედეგამდე მივიდოდა, მაგრამ ყველაფერი ის რაც ხდებოდა ამ დარბაზში, ხდებოდა პირველ რიგში ჩვენი საზოგადოების დასანახად… [რომელიც] შესაბამის დასკვნას გამოიტანს ამ მოსმენიდან“.
ამ მოსმენამდე პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების ოთხი მოსმენა გაიმართა, სადაც მინისტრებმა მოხსენებები წარადგინეს და შემდეგ დეპუტატების კითხვებს უპასუხეს. თუმცა ეს საკომიტეტო სხდომები პროტესტი ნიშნად დასაწყისშივე დატოვეს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა იმ მოტივით, რომ მინისტრების გამოსვლის შემდეგ მათთვის საკმარისი დრო არ დარჩებოდა კითხვების დასასმელად.