ღარიბაშვილი „თავისუფალი დემოკრატების“ დეპუტატების წინაშე წარდგა

განახლებული მთავრობის დამტკიცებასთან დაკავშირებით გამართული მოსმენების ფარგლებში ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებთან შეხვედრის შემდეგ პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხუთშაბათს საღამოს „თავისუფალი დემოკრატების“ დეპუტატებს შეხვდა.

პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ კოალიცია ქართული ოცნების წევრი იყო 2014 წლის ნოემბრამდე, როდესაც მისი ლიდერი ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადააყენეს მას შემდეგ, რაც მან მთავრობა პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებაში დაადანაშაულა თავდაცვის სამინისტროს და გაერთიანებული შტაბის რამდენიმე თანამშრომლის წინააღმდეგ, რომლებიც ოქტომბრის ბოლოს დააპატიმრეს და დღემდე წინასწარ პატიმრობაში რჩებიან.

ღარიბაშვილმა, რომელმაც ნოემბერში ალასანიას „უჭკუო, ავანტიურისტი და ამბიციური“ უწოდა, 7 მაისის მოსმენაზე „თავისუფალი დემოკრატებიდან“ თავისი ყოფილი მოკავშირეები „მეგობრებად“ მოიხსენია.

„ჩემთვის მართლაც ძალიან სამწუხაროა, დღეს თქვენ ოპოზიციას წარმოადგენთ საქართველოს პარლამენტში, მაგრამ ეს იყო თქვენი არჩევანი, ეს არის თქვენი გადაწყვეტილება. მე კიდევ ერთხელ მინდა, რომ დაგიდასტუროთ ჩემი პატივისცემა“, – მიმართა პრემიერ–მინისტრმა „თავისუფალი დემოკრატების“ დეპუტატებს, რომელთაც რვა ადგილი აქვთ პარლამენტში.  

„მე მინდა გითხრათ, რომ პრინციპულად დიდი სხვაობა არის ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელსაც რამდენიმე საათის წინ გავაცანი მთავრობის გეგმა, და თქვენ შორის, რომელთანაც, ვთვლი, რომ არ გამაჩნია ღირებულებითი შეუთავსებლობა – მე ვგულისხმობ იმ ღირებულებებს, რომელთა გარეშეც არ არსებობს დემოკრატიული საზოგადოება, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლოება, თავისუფალი სასამართლო – ჩვენ ერთად ვიბრძოდით სწორედ ასეთი სახელმწიფოს შექმნისთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. 

„თქვენ კოალიციიდან გასვლისას, ჩემი აზრით, საკმაოდ ხმამაღალი, უსაფუძვლო და ემოციური განცხადება გააკეთეთ, თითქოს საქართველოს დასავლურ კურსს საფრთხე დაემუქრა. ჩვენთვის ძალიან სამწუხარო იყო, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ ერთი საერთო მიზანი გვაქვს – ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია და საქართველოს დაბრუნება ევროპულ ოჯახში“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

„ჩვენ შეიძლება გვქონდეს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით მწვავე დებატები, განსხვავებული აზრი და რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ მე პატივს ვცემ ჩვენს საერთო წარსულს, საერთო ბრძოლას რეჟიმის წინააღმდეგ და იმ გამარჯვებას, რომელიც ჩვენ ერთად მოვიპოვეთ ქართველ ხალხთან ერთად [2012 წლის] 1 ოქტომბერს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, „მაქვს იმედი და მოლოდინი, რომ ჩვენი საუბარი, განსხვავებით ნაციონალური მოძრაობის საუბრისგან, იქნება კონსტრუქციული“.

მოგვიანებით ორსაათიანი მოსმენის დროს, თავისუფალი დემოკრატების დეპუტატმა ვიქტორ დოლიძემ უთხრა პრემიერ–მინისტრს: „თქვენ ძალიან დადებითი პათოსით დაიწყეთ თქვენი გამოსვლა – მეგობრები გვიწოდეთ. მეც ძალიან დიდი სიხარულით გიწოდებდით თქვენც ასევე მეგობარს, რომ არა ერთი ძალიან დელიკატური თემა“.

„სწორედ პოლიტიკური ოპონირების იარაღად როდესაც პროკურატურა იქცა ირაკლი ალასანიას და რა თქმა უნდა, „თავისუფალი დემოკრატების“ წინააღმდეგ, იმიტომაც მოხდა ის, რაც მოხდა და იმიტომაც ვართ დღეს მდინარის სხვადასხვა მხარეს“, – უთხრა დოლიძემ პრემიერ–მინისტრს.

ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ ბრალდებები, რომ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება პოლიტიკურად მოტივირებულია, „ტყუილი“ და „აბსურდია“.

„თავისუფალი დემოკრატების“ კიდევ ერთმა დეპუტატმა ნინო გოგუაძემ უთხრა პრემიერ–მინისტრს, რომ მისი პარტიის გადაწყვეტილება კოალიციის დატოვების თაობაზე არ იყო მხოლოდ გაუგებრობა, არამედ „ეს მოხდა სწორედ ღირებულებების გამო“.

ისევე როგორც ნაციონალურ მოძრაობასთან გამართული შეხვედრის დროს, პრემიერ–მინისტრს კვლავ დაუსვეს კითხვები ეკონომიკის და ლარის გაუფასურების თაობაზე, რომელმაც 2014 წლის ნოემბრის დასაწყისიდან, როდესაც ქართულმა ვალუტამ გაუფასურება დაიწყო, აშშ დოლარის მიმართ თავისი ღირებულების 32.5% დაკარგა.

კითხვაზე, თუ როგორია ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს პოზიცია, რომლის თავმჯდომარეც პრემიერ–მინისტრია, პოლიტიკური პარტიების მოწოდებების თაობაზე  საარჩევნო სისტემის მაჟორიტარული კომპონენტის ცვლილებასთან დაკავშირებით, პრემიერ–მინისტრმა დაკონკრეტებაზე უარი განაცხადა. 

„საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით ჩვენ უკვე გვაქვს ინტენსიური საუბარი კოალიციის შიგნით; იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში ან რამდენიმე კვირაში ჩვენ წარმოვადგენთ ჩვენს ხედვას საარჩევნო კანონმდებლობის შესახებ.  მე წინასწარ ამ თემაზე საუბრისგან თავს შევიკავებდი“, – განაცხადა მან.

როდესაც მას კიდევ ერთხელ დაჟინებით სთხოვეს, რომ ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს პოზიცია დაეკონკრეტებინა, პრემიერ–მინისტრმა უპასუხა: „ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ ისეთი რამ, რაც იქნება მიუღებელი ჩვენი ქვეყნისთვის; ჩვენ უნდა გავაკეთოთ მაქსიმალურად ოპტიმალური ცვლილება, რომელიც იქნება მისაღები როგორც ოპოზიციისთვის, ისე მმართველი კოალიციისთვის. რამდენიმე კვირაში წარმოვადგენთ ჩვენს ხედვას“.