ევროკომისია: საქართველოს ‘კვლავ გასათვალისწინებელი აქვს დარჩენილი რეკომენდაციები’ ვიზალიბერალიზაციაზე

ევროკომისიამ, რომელმაც 8 მაისს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების თაობაზე მესამე ანგარიში გამოაქვეყნა, განაცხადა, რომ მართალია ქვეყნის პროგრესი მნიშვნელოვანია, მაგრამ მას „კვლავ გასათვალისწინებელი აქვს დარჩენილი რეკომენდაციები“.

„საქართველოს პროგრესი მნიშვნელოვანია დროის მოკლე პერიოდში და ის შეესაბამება მეორე ფაზის ამოცანებს“, – განაცხადა ევროკომისიამ.

„მაშინ, როცა არსებული საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩო და ინსტიტუციური და საორგანიზაციო პრაქტიკა ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ოთხ ბლოკში [რომელიც მოიცავს დოკუმენტების უსაფრთხოებას; საზღვრის და მიგრაციის მართვას; საზოგადოებრივ წესრიგს, ასევე საგარეო ურთიერთობებს და ფუნდამენტურ უფლებებს] ზოგადად შეესაბამება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს, საქართველოს ჯერ კიდევ გასათვალისწინებელი აქვს დარჩენილი რეკომენდაციები და საჭირო იქნება ყველა დაინტერესებული მხარის ერთიანი ძალისხმევა“.

„მთავარი პრიორიტეტია სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს მდგრადი განხორციელება, კერძოდ ისეთ სფეროებში, რომლებიც ეხება თავშესაფარს, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, ადამიანების და ნარკოტიკების ტრეფიკინგს“, – ნათქვამია ანგარიშში.

„ამ ანგარიშით მოთხოვნილი ქმედებების განხორციელება საშუალებას მისცემს საქართველოს, რომ ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ამოცანების განხორციელება დაასრულოს“, – განაცხადა ევროკომისიამ.

ანგარიშის დასკვნით ნაწილში ნათქვამია, რომ ევროკომისიის შეფასებით საქართველო „ძირითადად ასრულებს“ მეორე ფაზის ნიშნულებს და მისი „საკანონმდებლო ჩარჩო და პოლიტიკა, ისევე როგორც ინსტიტუციური და ორგანიზაციული პრინციპებისა და პროცედურების ერთიანობა, შეესაბამება საუკეთესო ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს“.

ასევე 8 მაისს ევროკომისიამ უკრაინასთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების თაობაზე მეხუთე ანგარიში გამოაქვეყნა.

„ვიზების ლიბერალიზაციის დიალოგი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს რეფორმებს მართლმსაჯულების და საშინაო საქმეთა სფეროებში. საქართველომ და უკრაინამ აჩვენეს ერთგულება ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის ამოცანების შესრულების მიმართ. მნიშვნელოვანია, რომ ეს რთული სამუშაო მომდევნო თვეებშიც გაგრძელდეს“, – განაცხადა ევროკომისარმა მიგრაციის და საშინაო საკითხებში, დიმიტრის ავრამოპოულოსმა.

საქართველომ და ევროკავშირმა ვიზების ლიბერალიზაციაზე მოლაპარაკებები 2012 წლის ივნისში დაიწყეს;  ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნების დეტალურ ჩამონათვალს, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს ევროკავშირისგან მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის მისაღებად,  საქართველოს 2013 წლის თებერვლის ბოლოს წარედგინა.

ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა მთელ რიგ სფეროებს მოიცავს, რომლებიც ეხება დოკუმენტების უსაფრთხოებას; საზღვრის და მიგრაციის მართვას; მობილობას და თავშესაფარს, ასევე სხვა ისეთ საკითხებს, როგორიცაა კორუფციის და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ადამიანის უფლებების და უმცირესობების დაცვა და დისკრიმინაციის აღმოფხვრა.

2014 წლის 29 ოქტომბერს ევროკომისიამ განაცხადა, რომ საქართველომ დააკმაყოფილა ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ფაზის მოთხოვნები, რაც ძირითადად მოიცავდა შესაბამისი კანონმდებლობის მიღებას და სამოქმედო გეგმის მეორე ფაზაზე გადავიდა, რაც ამ კანონმდებლობის პრაქტიკაში დანერგვას გულისხმობს.

ევროკომისიის ანგარიში წინ უსწრებს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს, რომელსაც   21–22 მაისს რიგა უმასპინძლებს. 

ერთობლივ წერილში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ევროკავშირს რიგის სამიტზე საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღების მკაფიო მხარდაჭერისკენ მოუწოდეს და განაცხადეს, რომ „საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია იქნება ხანგრძლივი და რთული რეფორმების შედეგი ახალი ძალისხმევისთვის“.

ევროკომისიამ განაცხადა, რომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების თაობაზე შემდეგ ანგარიშს 2015 წლის ბოლოსთვის გამოაქვეყნებს.

თუმცა, ევროკომისიამ განაცხადა, რომ „გასული თვეების განმავლობაში საქართველოს მიერ გაწეული მნიშვნელოვანი წინსვლის გათვალისწინებით, ევროკომისია მზად არის გადმოსწიოს შემდგომი ანგარიშის ვადები, თუკი გაგრძელდება სწრაფი წინსვლა… “.

ანგარიში აფასებს, თუ ასრულებს საქართველო ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ამოცანებს ოთხი ბლოკის ფარგლებში, რომლებიც მოიცავს დოკუმენტების უსაფრთხოებას; საზღვრის და მიგრაციის მართვას; საზოგადოებრივ წესრიგს, ასევე საგარეო ურთიერთობებს და ფუნდამენტურ უფლებებს. ის ამ ამოცანებს  „შესრულებულად“, „თითქმის შესრულებულად“ ან „ნაწილობრივ შესრულებულად“ აფასებს.

ამოცანები, რომლებიც უკავშირდება დოკუმენტების უსაფრთხოებას, საზღვრის ინტეგრირებულ მართვას, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, პერსონალური მონაცემების დაცვას, გადაადგილების თავისუფლებას, სამგზავრო და საიდენტიფიკაციო დოკუმენტების გაცემას, საერთაშორისიო თანამშრომლობას სისხლის სამართლის საკითხებში „შესრულებულად“ ითვლება. 

ამოცანები მიგრაციის მართვის, ფულის გათეთრების, სხვადასხვა სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის და მოქალაქეთა უფლებების, მათ შორის უმცირესობების დაცვის კუთხით შეფასდა როგორც „თითქმის შესრულებული“.

თავშესაფართან, ადამიანთა ტრეფიკინგთან, კორუფციის და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული ამოცანები შეფასდა, როგორც „ნაწილობრივ შესრულებული“.

რაც შეეხება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, ანგარიში მოუწოდებს საქართველოს, რომ სხვა საკითხებთან ერთად, გაატაროს სახელმწიფო სამსახურის რეფორმა და მიიღოს საერთაშირისო პრაქტიკის შესაბამისი კანონი სახელმწიფო სამსახურის შესახებ, განსაზღვროს პროფესიონალური და დეპოლიტიზებული სახელმწიფო სამსახურის სტანდარტები და კიდევ უფრო განამტკიცონ ინფორმატორების (whistle-blowers) რეალური დაცვა.
 
ნარკოტიკებთან დაკავშირებით ანგარიშში ნათქვამია, რომ პროგრესის მიუხედავად, ნარკომანიასთან ბრძოლის ეროვნული პოლიტიკა „კვლავაც სადამსჯელო ზომებს ეყრდნობა და არა სარეაბილიტაციო ღონისძიებას“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)