ევროკავშირის 60 მლნ ევროს დახმარება საქართველოს
ევროკავშირი საქართველოს 60 მლნ ევროს ოდენობით მიზნობრივ დახმარებას გამოუყოფს, საიდანაც 50 მლნ ევრო მართლმსაჯულების სექტორის მხარდაჭერას, ხოლო 10 მლნ ევრო ადამიანის უფლებათა დაცვის პროგრამებს მოხმარდება, იტყობინება ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.
ორ შესაბამის საფინანსო შეთანხმებას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისიის დირექტორატის ხელმძღვანელმა ჯერარდ შუმან ჰიცლერმა 14 მაისს თბილისში მოაწერეს ხელი.
მართლმსაჯულების სექტორის მხარდაჭერის 50 მლნ ევროს ღირებულების პროგრამის მიზნებს, ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, „მართლმსაჯულების სექტორის ადმინისტრირების სისტემის გაუმჯობესება, კანონის უზენაესობის კონსოლიდაცია, ადამიანთა უფლებების დაცვის სფეროში საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების დანერგვა და ევროკავშირის საუკეთესო გამოცდილების გაზიარება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მხარდაჭერა და სასამართლოს პერსონალის შესაძლებლობების გაზრდა“ წარმოადგენს.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ასევე იტყობინება 2015-2018 წლებზე გათვლილი ამ პროგრამის შესახებ, რომელიც შემდეგ ხუთ პრიორიტეტულ მიმართულებას მოიცავს: მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა; ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის შექმნა; სისხლის სამართლის სისტემა, სისხლისსამართლებრივი დევნა და გამოძიება; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემა; და მიწის რეგისტრაცია.
ევროკავშირის ფინანსური დახმარების წინა პროგრამის ფარგლებში, რომელიც 2008-2014 წლებში განხორცილდა, სამინისტროს ცნობით, სისხლის სამართლის სისტემის რეფორმისთვის რიგი ნაბიჯები გადაიდგა, მათ შორის გადაისინჯა სისხლის სამართლის კოდექსი, შემუშავდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომელსაც ამჟამად უკვე პარლამენტი განიხილავს; განხორციელდა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სისტემაში, ასევე სასამართლოსა და პოლიციაში რეფორმები და ინიცირებულ იქნა პროკურატურის რეფორმა.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ასევე იტყობინება, რომ 10 მლნ ევრო, რომელსაც ქვეყანა ევროკავშირის ინიციატივა „მეტი მეტისთვის“ ფარგლებში ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამის მხარდასაჭერად მიიღებს, ისეთ მიმართულებებს მომხარდება, როგორებიცაა უმცირესობების უფლებათა დაცვა, სამართალდამცავი ორგანოების შიდა და გარე ზედამხედველობის გაძლიერება, შრომითი უფლებები, გამოხატვისა თავისუფლება და ინფორმაციასთან ხელმისაწვდომობა.