თავდაცვის მინისტრმა სამი ახალი მოადგილე წარადგინა
თავდაცვის ახალმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა 15 მაისს დავით ებრალიძე, ანა დოლიძე და ბესიკ ლოლაძე თავის ახალ მოადგილეებად წარადგინა.
დავით ებრალიძე, რომელიც თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის რანგში ფინანსების და შესყიდვების საკითხებს გაუწევს კურირებას, ფინანსთა მინისტრის მოადგილე იყო 2013 წლის მაისამდე, როდესაც ფინანთა მინისტრთან ნოდარ ხადურთან უთანხმოების მოტივით დატოვა თანამდებობა.
ანა დოლიძე, რომელიც ბოლო დრომდე დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი იყო, 2004-2006 წლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე იყო. მისი წინამორბედი საიას თავმჯდომარის პოსტზე ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი იყო. თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტზე ანა დოლიძე სოციალურ საკითხებს უხელმძღვანელებს.
ბესიკ ლოლაძე, რომელიც თავდაცვის უწყების საპარლამენტო მდივნის ფუნქციას შეასრულებს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე იყო და 2005 წლის თებერვლამდე დაახლოებით ერთი წლის მანძილზე იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
თავდაცვის მინისტრის კიდევ ორი მოადგილის პოსტი ჯერჯერობით ვაკანტური რჩება.