თბილისში ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
იუსტიციის სამინისტროს წინ შეკრებილ მომიტინგეებს, რომლებიც ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ, ხელში ცისარტყელას გამოსახულებიანი დროშები უკავიათ, 17 მაისი, 2015. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge
აქტივისტების მცირე ჯგუფი, რომელთაგანაც ზოგიერთს ცისარტყელას გამოსახულებიანი დროშები ეკავა, 17 მაისს თბილისში იუსტიციის სამინისტროს წინ შეიკრიბა ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად.
მანამდე კვირას ცალკე აქცია გაიმართა მრგვალ ბაღში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთან მონაწილეობით; იქვე მობილიზებული იყო პოლიციაც.
- მთავრობას ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს აქტივისტების დაცვისკენ მოუწოდებენ
- სტრასბურგის სასამართლო: პოლიციამ 2012 წელს ვერ დაიცვა ანტი–ჰომოფობიური აქციის მონაწილეები თავდასხმისგან
ღონისძიებების ადგილმდებარეობა წინასწარ არ იყო ცნობილი უსაფრთხოების დაცვის მოტივით, 2012 და 2013 წლებში მომხდარი ძალადობის გამეორების თავიდან აცილების მიზნით.
რაიმე ინციდენტის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
აქტივისტები 2015 წლის 17 მაისს ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად მრგვალ ბაღში შეიკრიბნენ; მათ ხელში უკავიათ ბანერები ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ 2012 წლის 17 მაისის ძალადობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ციტატებით. სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიციამ ვერ მოახერხა ლგბტ პირების დაცვა თავდასხმებისგან. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge
მრგვალი ბაღის გარშემო დიდი რაოდენობით პოლიციელი იყო მობილიზებული, რომლებიც იქ მუნიციპალური ავტობუსებით მიიყვანეს. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge
იუსტიციის სამინისტროს წინ შეკრებილი მომიტინგეები ხელისუფლებას ტრანსგენდერი პირებისთვის ID ბარათების აღების პროცედურების გამარტივებისკენ და ასევე იმისკენ მოუწოდებდნენ, რომ საჭიროების შემთხვევაში მან თავი არ აარიდონ სისხლის სამართლის კოდექსის იმ პუნქტის გამოყენებას, რომელიც დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილ დანაშაულს დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევს.
კვირას დილით მრგვალ ბაღში შეკრებულ მონაწილეებს ხელში ეკავათ ბანერები, რომელზეც სტრასბურგის სასამართლოს მიერ 2012 წლის ძალადობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებიდან ციტატები ეწერა. მაშინ ლგბტ აქტივისტების მცირე ჯგუფს მართლმადიდებელმა ჯგუფებმა გზა გადაუღობეს და აქციის ჩატარების უფლება არ მისცეს.
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ განაცხადა, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო ლგბტ აქტივისტების სათანადო დაცვა თავდასხმებისგან, როდესაც ისინი 2012 წლის 17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღეს აღნიშნავდნენ.
2013 წელს ლგბტ თემის წარმომადგენლებზე უფრო ფართო მასშტაბის ძალადობას ჰქონდა ადგილი, როდესაც ათასობით კონტრდემონსტრანტი მართლმადიდებელი სასულიერო პირების ხელმძღვანელობით იმ აქტივისტების მცირე ჯგუფს დაესხა თავს, რომელთაც თავისუფლების მოედნის მიდამოებში 17 მაისის აღნიშვნა სურდათ. ჰომოფობიური ძალადობის თავიდან არიდების მიზნით, ლგბტ აქტივისტებს მას შემდეგ ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე 17 მაისს ქუჩაში აღარ აღუნიშნავთ.
კვირას ვაჩნაძის ქუჩაზე ხანმოკლე დროით, დაახლოებით, 12 ადამიანი შეიკრიბა ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღსანიშნავად – ეს ადგილი სპეციალურად შეირჩა, ვინაიდან ის 2013 წლის ჰომოფობიური ძალადობის ერთ–ერთი ადგილი იყო.
იუსტიციის სამინისტროს წინ შეკრებილ დემონსტრანტებს საქართველოს და ცისარტყელას გამოსახულებიანი დროშები უკავიათ ხელში, 17 მაისი, 2015. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge
იუსტიციის სამინისტროს წინ შეკრებილი დემონსტრანტები 17 მაისს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge
შვედეთის ელჩმა საქართველოში, რომელიც მრგვალის ბაღის აქციას დაესწრო, თავის Tweeter–ზე დაწერა, რომ აქციამ მშვიდობიანად ჩაიარა და ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია.
Good and peaceful manifestation without incidents today at UN Circle. A step forward #IDAHOT2015 #17MayTbilisi2015 pic.twitter.com/dq1U56Bynx
— Martina Quick (@martinaquick) May 17, 2015
მრგვალ ბაღში აქციას ასევე დაესწრნენ დეპუტატი ჩიორა თაქთაქიშვილი ნაციონალური მოძრაობიდან და დეპუტატი თამარ კორძაია რესპუბლიკელების საპარლამენტო ფრაქციიდან. კორძაია იუსტიციის სამინისტროსთან გამართულ აქციასაც ესწრებოდა.
საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 17 მაისს „ოჯახის დღე“ დააწესა. შარშან ეს დღე დიდი აქციით აღინიშნა, რომელსაც სასულიერო პირები უძღვებოდნენ და რომელიც შემდეგ ანტი–ლგბტ დემონსტრაციაში და პროტესტში გადაიზარდა ანტი–დისკრიმინაციული კანონის წინააღმდეგ, რომელიც იმ დროს ახალი მიღებული იყო.
თავდაპირველად თბილისში კვირას „ოჯახის დღისადმი“ მიძღვნილი ქუჩის ღონისძიებები იგეგმებოდა, თუმცა პარასკევს საღამოს ყველა მანამდე დაანონსებული ღონისძიება გაუქმდა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განცხადების თანახმად, „16-17 მაისს აწყურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის დედაქალაქში პირველად შემობრძანება აღინიშნება, ამიტომ საქართველოს ეკლესიამ უმჯობესად მიიჩნია, ეს დღეები ლოცვითი მსვლელობებით და მსახურებებით აღნიშნოს“.
თავის საკვირაო ქადაგებაში საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ ძლიერი ოჯახების საჭიროებაზე ისაუბრა და დაგმო აბორტი.
„ოჯახი არის ფუძე კაცობრიობის და ფუძე სახელმწიფოსი. თუ ოჯახები მტკიცე გვეყოლება, სახელმწიფოც მტკიცე და ურყევი იქნება“, – განაცხადა საქართველოს პატრიარქმა, „უნდა შეწყდეს აბორტები საქართველოში; განსაკუთრებით მე მინდა მივმართო ექიმებს, რომლებიც აკეთებენ აბორტებს, რომ ეს არის უდიდესი და საშინელი ცოდვა თქვენთვის“.
პრემიერ–მინისტი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც კვირას გურიის რეგიონს სტუმრობდა, ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის ხსენების გარეშე, მიესალმა იმ ფაქტს, რომ თბილისში რამდენიმე აქცია მშვიდობიანად ჩატარდა.
„დღეს, მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე აქცია იყო თბილისში, მაგრამ მე მინდა აღვნიშნო კმაყოფილებით, რომ აბსოლუტურად მშვიდად, ცივილიზებულად, დემოკრატიულად ჩატარდა ყველაფერი ეს. მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ვართ ღირსეული და გამორჩეული ერი და ჩვენთვის მთავარია ჩვენი ქვეყნის ინტერესები. დავამტკიცეთ, რომ ვართ მართლაც ცივილიზებული სახელმწიფო და ნამდვილად გვსურს ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერება. მინდა ყველა სამსახურს, ვინც ჩართული იყო ამ საკითხების ორგანიზებაში, მათ მადლობა გადავუხადო, იგივე შსს–ს და ყველას, ვინც ჩართული იყო ამ საკითხების მოგვარებაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
„დღეს არის პატრიარქის მიერ დაწესებული დღე – ოჯახის სიწმინდის დღე; მინდა ყველას მოგილოცოთ ოჯახის დღე და მინდა ვუსურვო ყველას, რომ გაძლიერდეს ქართული ოჯახი, რადგან ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ფუნდამენტი და ამაზე დგას ქართული სახელმწიფო“, – დასძინა პრემიერმა.
ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომ მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, „საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და შემწყნარებლობის კულტურის ჩამოყალიბებისათვის ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა“.
„კვლავ პრობლემას წარმოადგენს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების დროული, ეფექტური და ანგარიშვალდებული გამოძიების წარმართვა“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.
ასევე კვირას ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისის წინ პრორუსული ჯგუფი „ერეკლე მეორეს საზოგადოება” შეიკრიბა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტა. „არა გეი ევროპას! უნდა აიკრძალოს გარყვნილების პროპაგანდა“, – განაცხადა აქციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა არჩილ ჭყოიძემ. ზოგიერთ მონაწილეს ხელში ეკავა ბანერები ინგლისური წარწერით: „No propaganda for homosexuals” (არანაირი პროპაგანდა ჰომოსექსუალებს).
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)