სემეკმა თბილისში წყლის ტარიფის გაზრდაზე მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ განაცხადა 18 მაისს გამართული შეხვედრის შემდეგ, რომ არ დააკმაყოფილა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მოთხოვნა თბილისში წყლის ტარიფის გაზრდის თაობაზე.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“, რომელიც დედაქალაქში დაახლოებით 413 000 ოჯახს და 16 200 კომერციულ და სხვა ორგანიზაციას აწვდის წყალს, მარეგულირებელ კომისიას ტარიფების ზრდის თხოვნით იანვარში მიმართა.
კომპანიას დაახლოებით 55 თეთრით სურდა წყლის ტარიფის ზრდა ერთ სულ მოსახლეზე, არსებული 3.1471 ლარიდან 3.7 ლარამდე თვეში.
მას ასევე სურდა ტარიფების ზრდა გამრიცხველიანებული მომხმარებლებისათვის არსებული 0.2655 ლარიდან 0.3186 ლარამდე ერთ კუბურ მეტრზე.
ტარიფები ასევე უცვლელი დარჩა კომერციული და სხვა ორგანიზაციებისთვის, რაც 4.4 ლარს შეადგენს ერთ კუბურ მეტრზე.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ განაცხადა, რომ 2016 წლის ბოლომდე ტარიფები აღარ გადაიხედება.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აღნიშნა 19 მაისს გავრცელებულ წერილობით განცხადებაში, რომ ტარიფის გაზრდაზე უარის თქმა მთავრობასთან ხელმოწერილი ნასყიდობის ხელშეკრულების დარღვევაა. სახელმწიფო მფლობელობაში არსებული წყლის კომპანიის პრივატიზაცია 2007 წელს განხორციელდა. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ განაცხადა, რომ ხელშეკრულებით წყლის ტარიფის ცვლილება 2015 წელს იყო განსაზღვრული.
კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ სემეკის გადაწყვეტილება კომპანიის „საერთაშორისო საფინანსო ბირჟაზე (IPO) გასვლის პროცესს აფერხებს, რაც ასევე ხელს უშლის დარგის განვითარებას და ნეგატიური კუთხით წარმოაჩენს საინვესტიციო გარემოს“.
განცხადებაში კომპანია არ საუბრობს იმაზე, გაასაჩივრებს თუ არა სემეკის გადაწყვეტილებას სასამართლოში; სანაცვლოდ, ის „ელის ხელისუფლების პოზიციას სემეკის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და, თავის მხრივ, გეგმავს აღნიშნულ პროცესში საერთაშორისო დონის კონსულტანტების ჩართვას“.
არსებული წყლის ტარიფები 2010 წლის დეკემბერში შევიდა ძალაში, როდესაც ტარიფი დაახლოებით 31%–ით გაიზარდა.
ამჟამად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია „ენერგო–პრო ჯორჯიას“ თხოვნას განიხილავს ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის თაობაზე.
ტარიფის ზრდის თაობაზე კომპანიის თხოვნის მთავარ მიზეზად ლარის გაუფასურება სახელდება, რომელმაც ბოლო ექვსი თვის მანძილზე თავისი ღირებულების დაახლოებით 32% დაკარგა აშშ დოლართან მიმართებაში.
ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა გასულ კვირას, რომ ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის შემთხვევაში, მთავრობა მიზნობრივი სუბსიდირების შესაძლებლობას განიხილავს.