საქართველო და ირანი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების გზებს სწავლობენ
საქართველო მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ მაქსიმალურად გაააქტიუროს ეკონომიკური თანამშრომლობა ირანთან იმ შემთხვევაში და როდესაც ბირთვულ პროგრამაზე საბოლოო შეთანხმების მიღწევისკენ განხორციელებულ ძალისხმევას სანქციების მოხსნა მოყვება, განაცხადა საქართველოს ვიცე–პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც 18–19 მაისს თეირანს სტუმრობდა.
კვირიკაშვილმა და ირანის კოოპერაციის, შრომის და სოციალური კეთილდღეობის მინისტრმა ალი რაბიიმ 19 მაისს ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს. ხელმოწერას წინ უძღოდა ორმხრივი თანამშრომლობის კომისიის შეხვედრა, რომელიც ბოლო ათი წლის მანძილზე პირველად გაიმართა.
კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს ექსპერტების ერთობლივი ჯგუფების მუშაობა განაახლონ მთელ რიგ სფეროებში, რომელთა შორისაა ენერგეტიკა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, ჰიდროენერგეტიკა, თანამშრომლობა წყლის სექტორში, ირანული ენერგომატარებლების ევროპის მიმართულებით ტრანზიტისთვის საქართველოს გამოყენების შესაძლებლობა, აგრეთვე განათლება, მეცნიერება და კულტურული ურთიერთობები.
„სასიხარულოა, რომ ირანის მხრიდან ფიქსირდება ძლიერი სურვილი, რათა საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობა თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდეს. ჩვენ ამას მივესალმებით“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
მან ასევე განაცხადა, რომ ირანი „აქტიურად მუშაობს დასავლეთთან“, რათა სანქციების მოხსნას მიაღწიოს.
„ჩვენ ამ ფონზე განსაკუთრებით მზად უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად გავააქტიუროთ ეკონომიკური თანამშრომლობა ირანთან“, – განაცხადა მან.
თეირანში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, მოჰამად ჯავად ზარიფს; ნავთობის მინისტრს, ბიჟან ზანგენეს და ვიცე–პრეზიდენტს, ეშაკ ჯაჰანგირის შეხვდა.
კვირიკაშვილს ირანში თბილისის მერი დავით ნარმანიაც ახლდა. ნარმანიამ და თეირანის მერმა მოჰამად ბაყერ ყალიბაფმა 19 მაისს ხელი მოაწერეს თბილისისა და თეირანის დაძმობილების შეთანხმებას.