ღარიბაშვილი რიგაში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტში მონაწილეობს
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოთხშაბათს რიგაში ჩავიდა, სადაც 21–22 მაისს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამიტის ფარგლებში ღარიბაშვილი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდთან, ასევე თავის კოლეგებთან იტალიიდან, შვედეთიდან, ბელგიიდან, ხორვატიიდან, სლოვენიიდან, ბულგარეთიდან და საბერძნეთიდან.
ევროპარლამენტის ასამდე წევრმა მოუწოდა ევროკავშირს, რომ სამიტზე „მკაფიო, ძლიერი და პროგრესული“ დეკლარაცია მიიღოს, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსიდან სამი ქვეყნის – საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის „მაღალ ამბიციებს“ გაითვალისწინებს. ამ სამ ქვეყანას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებები აქვს გაფორმებული.
ერთობლივ წერილში, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკავშირს, რომ „პოზიტიური სიგნალი გაგზავნონ ამ ქვეყნების ევროკავშირში მომავალი წევრობის მიმართ“ და „საქართველოს და უკრაინის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა უზრუნველყონ“. მოლდოვას შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის უფლება ერთი წლის წინ მიენიჭა.
„გვჯერა, რომ ამ ორი ზომის მიღება ევროკავშირის და მისი სამი ასოცირებული პარტნიორის ინტერესებში შედის და მნიშვნელოვანი პროგრესი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის“, – ნათქვამია წერილში, „ამიტომ, მოუთმენლად ველით, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტზე გადამწყვეტი ნაბიჯი იქნას გადადგმული საქართველოსა და უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის და საქართველოსთვის, მოლდოვასა და უკრაინისთვის ევროპული პერსპექტივის გახსნის თვალსაზრისით“.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 21 მაისს ასევე ჩავა რიგაში, რადგანაც ის ნაციონალური მოძრაობის პარტნიორის, ევროპის სახალხო პარტიის შეხვედრაზეა მიწვეული.