დონალდ ტუსკი: ‘რიგის სამიტზე არ მოხდება გიგანტური ნაბიჯების გამოცხადება’

ევროკავშირის თანამშრომლობა თავის აღმოსავლელ პარტნიორებთან „ნაბიჯ–ნაბიჯ“ წაიწევს წინ, განუცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ჟურნალისტებს ხუთშაბათს საღამოს რიგაში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე მისვლისას.

„რიგის სამიტი არ ეძღვნება იმას, რომ გიგანტური წინ გადადგმული ნაბიჯების შესახებ გაკეთდეს განცხადება – არა; ჩვენი პარტნიორობა ნაბიჯ–ნაბიჯ წაიწევს წინ ისევე, როგორც ევროკავშირი იქმნებოდა; ამ კონტექტსში ნაბიჯ–ნაბიჯ ნიშნავს რეალურ პროგრესს ვაჭრობაში, ენერგეტიკაში, მობილობაში, რეფორმებში, რაც ასევე ჩვენი პარტნიორების და ზოგადად ევროპის საუკეთესო ინტერესებში შედის“, – განაცხადა მან.

„ძალიან კარგად ვიცი, რომ ყველა მოუთმენლად ველით ცვლილებას, მაგრამ საჭიროა, რომ სტრატეგიული მოთმინება გამოვიჩინოთ“, – განაცხადა ტუსკმა, რომელიც პოლონეთის პრემიერ–მინისტრი იყო, როდესაც ექვსი წლის წინ აღმოსავლეთ პარტნიორობა დაფუძნდა პოლონეთის და შვედეთის ძლიერი მხარდაჭერით.

„მე რიგაში სამი მკაფიო გზავნილით ჩამოვედი. პირველი – ევროკავშირი საკუთარ კურსს არ იცვლის; მიუხედავად დაშინებისა, აგრესიისა და ომისაც კი, ევროკავშირი უწინდებურად ერთგული რჩება აღმოსავლელი პარტნიორებისა. ამას ადასტურებს ევროკავშირის 28 ლიდერიდან რეკორდული რაოდენობის, 25–ის დასწრება [რიგის სამიტზე]“, – განაცხადა მან.

„მეორე – ევროკავშირს სურს, რომ განავითაროს ურთიერთობები ჩვენს ყველა პარტნიორთან აღმოსავლეთ პარტნიორობიდან“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ევროკავშირი თავის თანამშრომლობას აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყანასთან მათი ინდივიდუალური საჭიროებების და „სუვერენული არჩევანის“ შესაბამისად ააწყობს.

„მესამე – გვინდა, რომ დავეხმაროთ მათ, რათა დაეხმარონ საკუთარ თავს საკუთარი საზოგადოებების ტრანსფორმირებაში მოქალაქეების სასიკეთოდ, რაც ასევე ნიშნავს, რომ ისინი უფრო გამძლეები გახდნენ გარე ზეწოლის მიმართ“, –  განაცხადა ტუსკმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ.

„აღმოსავლეთ პარტნიორობა არ არის სილამაზის კონკურსი რუსეთსა და ევროკავშირს შორის. მაგრამ ნება მომეცით გულწრფელი ვიყო – სილამაზეს ნამდვილად ექნება ფასი, რუსეთი ოდნავ უფრო ფაქიზი, უფრო მიმზიდველი რომ ყოფილიყო; შესაძლოა, მას არ მოუწევდა საკუთარი ხარვეზების კომპენსაცია გამანადგურებელი, აგრესიული და დამაშინებელი ტაქტიკით საკუთარი მეზობლების წინააღმდეგ“, – დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური)