ბიზნეს ასოციაციები ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს შესახებ კანონპროექტს აკრიტიკებენ

ბიზნეს ასოციაციებმა გააფრთხილეს, რომ კანონპროექტი, რომლითაც საქართველოს ეროვნულ ბანკს საფინანსო ზედამხედვებლობის ფუნქციები ჩამოერთმევა და ცალკე  სააგენტოს გადაეცემა, ქვეყნის საბანკო სექტორს საფრთხეს შეუქმნის.

ერთობლივ განცხადებაში საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ, ამერიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ, საერთაშორისო  სავაჭრო პალატამ, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭომ, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ და საქართველოს ბანკების ასოციაციამ განაცხადეს, რომ შემოთავაზებული კანონპროექტი არა მხოლოდ საბანკო სისტემას უქმნის პრობლემას, არამედ ქვეყნის ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატს აზიანებს.

აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ავტორებიც არიან ქართული ოცნების დეპუტატები, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური და მისი მოადგილე ნოდარ ებანოიძე რესპუბლიკელებიდან, პარლამენტში 21 მაისს დარეგისტრირდა, დაახლოებით ერთ კვირაში მას შემდეგ, რაც ენერგეტიკის მინისტრმა და ვიცე–პრემიერმა კახა კალაძემ ივარაუდა, რომ ზოგიერთი კომერციული ბანკის მიერ განხორციელებული სავალუტო ტრანსაქციები შეიძლება იყოს ლარის გაუფასურების მიზეზი. კალაძემ განაცხადა, რომ კანონით მთავრობას არ აქვს წვდომა ასეთი ტრანსაქციების შესახებ ინფორმაციაზე. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ 16 მაისს უარყო ამგვარი სპეკულაცია და მას „შეთქმულების თეორია“ უწოდა.

შემოთავაზებული ცვლილებები ითვალისწინებს 2015 წლის 1 ივლისიდან საქართველოს ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს შექმნას, რომელსაც სრულად გადაეცემა კომერციული და არაკომერციული საფინანსო ორგანიზაციების ზედამხედველობის ფუნქციები, მათ შორის კომერციული ბანკების და სხვა საფინანსო ორგანიზაციების ლიცენზირების, შემოწმებისა და რეგულირების, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესების უფლება, რაც ამჟამად ეროვნული ბანკის მოვალეობებში შედის.

კანონპროექტის თანახმად, ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს უხელმძღვანელებს 7-წევრიანი საბჭო, რომლის შემადგენლობაში  ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად ასევე შევლენ პარლამენტის მიერ წევრებად არჩეული საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომელთაც საფინანსო სფეროში მუშაობის გამოცდილება ექნებათ. ამ საბჭოს თავმჯდომარე, რომელსაც წევრები საბჭოს შემადგენლობიდან თავად აირჩევენ და ის არ შეიძლება იყოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, 5 წლის ვადით, საბჭოსთან შეთანხმებით, თანამდებობაზე თავად დანიშნავს და გაათავისუფლებს ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს უფროსს.
კანონპროექტის ერთ–ერთმა ავტორმა, თამაზ მეჭიაურმა განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის საბჭო „აბსოლუტურად არ ასახავს  იმ ძალების ინტერესებს, რომლებიც დღეს არიან ხელისუფლებაში“.

„ამ სააგენტოს გამოსვლა მათი [ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის] უშუალო დაქვემდებარებიდან მინიმუმ გააკეთებს იმას, რომ დღეის შემდეგ მაინც აღარ გაუჩნდებათ ზოგიერთებს ცდუნება ისარგებლონ კურსის რყევების პერიოდში და რაღაც სპეკულაციური მიზნებისთვის გამოიყენონ ეს“, – განაცხადა მეჭიაურმა.

ბიზნეს ასოციაციებმა განაცხადეს  23 მაისს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში, რომ  ამგვარი „დაუსაბუთებელი“ სპეკულაცია შეიძლება აღქმული იქნას, როგორც „ეროვნული ვალუტის კურსის მერყეობის გამო დაზარალებული მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობა და ეროვნული საბანკო სექტორის სახით მისთვის „განტევების ვაცის“ შეთავაზება.

„ჩვენ ყველამ, ქვეყნის მოქალაქეთა დიდმა ნაწილმა, ძალიან კარგად ვიცით, რომ პრობლემები, რამაც ეროვნული ვალუტის გაუფასურება გამოიწვია, ბევრად სერიოზული და ფუნდამენტურია – ეს არის პრობლემები ეკონომიკაში, განპირობებული რიგი საგარეო თუ საშინაო ფაქტორებით“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

ბიზნეს ასოციაციებმა ასევე განაცხადეს, რომ ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ ბოლო დროს გაჟღერებული ბრალდებების ფონზე, შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილება შესაძლოა აღქმული იქნას „პირდაპირ საფრთხედ საბანკო საიდუმლოების გარანტიებისათვის, რაც თავისთავად წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ნებისმიერი ქვეყნის საბანკო სისტემის წარმატების ქვაკუთხედს“.

„უკვე ორ წელიწადზე მეტია, რაც ბიზნეს სექტორი აქტიურად საუბრობს ეკონომიკის სტიმულირებისათვის ისეთი მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების აუცილებლობაზე, როგორიცაა: მოგების გადასახადის გაუქმება, კერძო საპენსიო სისტემის რეფორმა, საფონდო ბირჟების განვითარება, კაპიტალის ბაზრების ხელშეწყობა და სხვა“, – ნათქვამია განცხადებაში, „ამ ფონზე ჩვენთვის სრულიად გაუგებარი და აუხსნელია საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი  „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების შესახებ, რომლის ძირითადი არსი ეროვნული ბანკისაგან საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის დისტანცირებაა“.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებამდე, კიდევ ერთხელ მოხდება შექმნილი ვითარების სრული, საფუძვლიანი ანალიზი, რათა თავიდან აცილებულ იქნას ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება და პრობლემების გადაჭრისათვის მოიძებნოს სხვა რაციონალური გზები“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

შემოთავაზებული კანონპროექტი პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც გააკრიტიკა. პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა  გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა 22 მაისს, რომ ამ შემოთავაზებამ შესაძლოა უარყოფითი შედეგები მოიტანოს, რადგანაც დაგეგმილი რეფორმა  თითქოსდა პოლიტიკური მოტივებით უფროა ნაკარნახევი, ვიდრე ეკონომიკურით. მან ასევე მიანიშნა, რომ მიღების შემთხვევაში პრეზიდენტმა შესაძლოა მას ვეტო დაადოს.

ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა 23 მაისს, რომ შემოთავაზებულ კანონპროექტს დეტალური განხილვა ესაჭიროება.

„მსჯელობა იქნება. არის არგუმენტები ორივე მხარეს და ამიტომ გვექნება მაქსიმალურად  დეტალური მსჯელობა და შევაჯერებთ პოზიციებს“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.