ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანგარიში საპარლამენტო კომიტეტებმა ‘არადამაკმაყოფილებლად’ შეაფასეს
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, რომ საშუალოვადიან პერიოდში ეროვნული ვალუტის შემდგომ გაუფასურებას არ ელოდება; უარყო რა ქართული ოცნების ცალკეული წარმომადგენლების მიერ გამოთქმული ვარაუდები, რომ ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი ზოგიერთი კომერციული ბანკის სპეკულაციური ტრანსაქციები იყო, 25 მაისს პარლამენტში ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშის წარდგენისას მან ასევე გააფრთხილა, რომ „ანტისაბანკო განწყობების“ გაჩენა „ძალიან სახიფათო პროცესია“.
მან საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ „მითები ბანკების ზემოგების შესახებ არის ტყუილი“.
„ანტისაბანკო ხაზზე პოპულიზმი და თუნდაც მოკლევადიანი დივიდენდების დაწერა არის ძალიან სახიფათო თამაში. ეს არის დადასტურებული უამრავი საერთაშორისო მაგალითით და ძალიან ბევრ ქვეყანას ძალიან ძვირი დაუჯდა ასეთი გზით სიარული. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ არ გავიმეორებთ იგივე შეცდომებს“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
ქადაგიძის თქმით, იმისთვის, რომ „შეგვენელებინა დარტყმა ჩვენს ეკონომიკაზე, სხვადასხვა არხებით ჩვენ ამოვიღეთ დაახლოებით 700 მლნ ლარი“, თუმცა ეკონომიკური რეცესიის დაწყების თავიდან ასაცილებლად, ეროვნულმა ბანკმა იმავდროულად გასცა რეფინანსირების სესხები კომერციულ ბანკებზე, რათა მათ საკრედიტო პორტფელები არ შეემცირებინათ.
„ეს გაუფასურება არ იყო გამოწვეული მონეტარული საბაბით ანუ ფულის მასის ზრდით. ამ გაუფასურების მიზეზი არის [საგარეო] შემოდინებების ნაკლებობა და არაფერი სხვა“, – განაცხადა ქადაგიძემ.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ 2014 ზაფხულიდან რეგიონში გართულებული გეოპოლიტიკური ვითარების და დოლარის „უპრეცედენტო“ გამყარების გამო შემცირდა ფულადი გზავნილები, ექსპორტის მოცულობა და ასევე ზრდა შეაჩერა ტურიზმმა, რაც უკვე გასული წლის ნოემბრიდან აისახა ლარის კურსზე, რომელმაც დაიწყო გაუფასურება და აშშ დოლართან მიმართებაში თავისი ღირებულების 28%-30% დაკარგა. მისივე თქმით, ამ საგარეო შემოდინებების გამო დანაკლისი დაახლოებით 800 მლნ-დან 1 მლრდ დოლარამდე ფარგლებში მერყეობს.
„როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენ აღარ ველოდებით უფრო მეტ გაუფასურებას… ვგულისხმობთ იმას, რომ უკვე არსებული შემცირება გზავნილებსა და ტურიზმში, ასახული არის უკვე ამ კურსში და ჩვენ აღარ ველოდებით უფრო მეტ გაუფასურებას საშუალოვადიან პერიოდში“, – განაცხადა ქადაგიძემ.
თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ მოკლევადიან პერიოდში სავალუტო კურსის ცვალებადობის გაკონტროლება „არის შეუძლებელი“, რადგან „როცა ერთი წონასწორობის კურსიდან მეორეზე ხდება გადასვლა, მას ახასიათებს მერყეობები“.
რაც შეეხება გრძელვადიან პერსპექტივას, ქადაგიძემ განაცხადა, რომ „გამოსავალი არის რეალური შემოსავლების ზრდა, შემოდინებების კომპენსირება, სადაც ჩვენ ეს შეგვიძლია იქნება ეს პრივატიზაცია თუ უცხოური ინვესტიციები თუ ნებისმიერი სხვა იმისთვის, რომ კურსი იყოს არა მარტო სტაბილური, არამედ გრძელვადიან პერიოდში ჰქონდეს გამყარების ტენდენცია“.
ქართული ოცნების დეპუტატების იმ პრეტენზიების საპასუხოდ, რომ ეროვნულმა ბანკმა არ დახარჯა საკმარისი რეზერვები იმისათვის, რომ ლარის კურსის მკვეთრი ვარდა არ მომხდარიყო, ქადაგიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა მისი საყოველთაოდ ცნობილი პოზიცია, რომ „საგარეო შოკების დროს ეროვნული ბანკის მიერ დიდი ინტერვენციები ამის დასაკომპენსირებლად არის არასწორი და კონტრპროდუქტიული გადაწყვეტილება“.
მან ასევე განაცხადა, რომ 2013 წლის ბოლოს არსებული ვითარება, როცა ეროვნულმა ბანკმა ლარის დასახმარებლად თავისი რეზერვებიდან ნოემბერსა და დეკემბერში ჯამში 220 მლნ აშშ დოლარი გაყიდა, განსხვავდებოდა ახლანდელისგან, რადგან ინტერვენციის საჭიროება მაშინ „შიდა ფაქტორებმა“ განაპირობა.
მიმდინარე წელს ეროვნულმა ბანკმა 200 მლნ აშშ დოლარი გაყიდა თავისი სავალუტო რეზერვებიდან, რომელიც ქადაგიძის თქმით, მისი მმართველობის დროს 2006 წელს არსებული 900 მლნ აშშ დოლარიდან 2.4 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
„ჩვენ ვხარჯავდით მაშინ, როდესაც უკვე იყო პიკი [გაუფასურების] და მაქსიმალურად ვცდილობდით მოკლევადიანი აჟიოტაჟის ჩაქრობას“, – განაცხადა მან.
მან ასევე განაცხადა, რომ ლარის გაუფასურების უკან არ დგას არც სავალუტო გადინებები, რადგან მასიურად ამდაგვარს ადგილი არ ჰქონია და არც ის ბრალდებაა სწორი, რომ ეროვნულმა ბანკმა, რომელსაც მისი თქმით, ვალი აღარ აქვს, თითქოს 400 მლნ ლარის წინმსწრებით დაფარვით ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნა წაახალისა.
ასევე ქართული ოცნების ზოგიერთი დეპუტატის შეკითხვის საპასუხოდ, თუ რატომ არ გაზარდა ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მაშინ, როცა კურსს პრობლემების შექმნა დაეწყო, ქადაგიძემ განაცხადა, რომ „საპროცენტო განაკვეთების აწევა არის რეაგირება ინფლაციურ პროცესებზე“ და პოლიტიკის გამკაცრება მაშინ, როცა ინფლაციურ ზეწოლას ადგილი არ ჰქონდა „არასწორი იქნებოდა“.
მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 2014 წლის თებერვლიდან 4%-ს შეადგენდა და ეროვნულმა ბანკმა მისი ზრდა ზუსტად ერთი წლის თავზე, მიმდინარე წლის თებერვალში განახორციელა 4.5%-მდე, ხოლო მაისში ის 5%-მდე აწია.
ქადაგიძემ ასევე განაცხადა, რომ ეროვნული ბანკი მჭიდრო კოორდინაციაში იყო და რჩება მთავრობასთან, რომელთან ერთადაც, მისი ინფორმაციით, ერთ კვირაში დაგეგმილია განზრახვათა ყოველწლიური, 2015 წლის მემორანდუმის გაფორმება, სადაც გაწერილია მოსალოდნელი რეაგირებები როგორც ფისკალური და ისე მონეტარული პოლიტიკის მიმართულებებით.
„საუბარი იმაზე, რომ ჩვენი შეხედულებით თვითნებურად ვაკეთებთ რამეს და ჩვენი პოლიტიკის რეაგირება არის საპირისპირო მთავრობის, რა თქმა უნდა, არასწორია“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ეროვნული ბანკის დადანაშაულებით „ვერავინ იხეირებს“ და ეს „საზიანოა“, როგორც ქვეყნისთვის, ისე ინვესტორებისთვის.
„ჩვენ დღეს ძალიან სერიოზულ ტესტს ვაბარებთ როგორც ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, ასევე ინსტიტუციური განვითარების თვალსაზრისით, ასევე ჩვენი პოლიტიკის რეაგირების თვალსაზრისით. თუ ჩვენ დღეს ამ ტესტს ვერ ჩავაბარებთ, ჩვენ დავიხევთ უკან რამდენიმე წლით“, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ, „ვფიქრობ ჩვენ ფუფუნება დღეს არასწორი გადაწყვეტილებების, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მოიტანოს ჩვენი ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, იმ გეოპოლიტიკურ ვითარებაში და იმ გამოწვევების პირობებში, რომელიც ჩვენ გვაქვს, ნამდვილად არ გაგვაჩნია“.
მართალია მას არ უსაუბრია იმ დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც ეროვნული ბანკიდან ფინანსური ზედამხედველობის ფუნქციის ჩამოშორებას ითვალისწინებს და რასაც ბიზნეს ასოციაციების მწვავე კრიტიკა მოჰყვა, თუმცა თავის შესავალ სიტყვაში გიორგი ქადაგიძემ ხაზი გაუსვა, რომ "საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური ზედამხედველობის სისტემა არის გამართული".
ამ სადავო ინიციატივაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა 25 მაისს ბიუროს სხდომაზე საუბრისას განაცხადა, რომ პარლამენტი ამ საკითხზე "ძალიან გონივრულ“ და „აწონილდაწონილ" გადაწყვეტილებას „სათანადო განსჯის შემდეგ“ მიიღებს.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რანგში მისი ბოლო ანგარიშის წარდგენისას, ქადაგიძემ, რომელსაც თავისი უფლებამოსილების ვადა მომავალი წლის დასაწყისში ეწურება, განაცხადა: „ყველა იმ ხარვეზზე, რომელიც იყო ამ 7 წლის განმავლობაში, მე პირადად ვიღებ პასუხისმგებლობას, მაგრამ არცერთი გადაწყვეტილება არ იყო ნაკარნახევი პირადი გამორჩენის მიზნით და არ იყო კანონსაწინააღმდეგო“.
ეროვნული ბანკის 2014 წლის საქმიანობა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის პოლიტიკის კომიტეტებმა „არადამაკმაყოფილებლად“ შეაფასეს რამდენიმე საათიანი მოსმენის დასასრულს და მიზეზებს შორის დაასახელეს ის, რომ ქადაგიძის უწყებამ ვერ უზრუნველყო ფასების სტაბილურობა, რადგან ინფლაციის 6%-იანი მიზნობრივი მაჩვენებელი 2014 წელს ვერ იქნა მიღწეული, ასევე „საფინანსო სისტემის სტაბილურობა და გამჭირვალობა“ და „ხელი ვერ შეუწყო ქვეყანაში მდგრად ეკონომიკურ ზრდას“.