პარლამენტმა წინასწარი პატიმრობის პერიოდულად გადასინჯვის ახალ წესზე კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომელიც მოსამართლეს აკისრებს ვალდებულებას, რომ 9-თვიანი მაქსიმალური ვადის განმავლობაში წინასწარი პატიმრობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება საკუთარი ინიციატივით ორ თვეში ერთხელ მაინც გადასინჯოს.

თუ ამჟამად დაცვის მხარეს აქვს უფლება მოითხოვოს წინასწარი პატიმრობის გადასინჯვა და თავადვე დაასაბუთოს მისი ეს შუამდგომლობა, ცვლილებების მიღების შემდეგ, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების საკითხის განხილვისას მტკიცების ტვირთი ყველა შემთხვევაში ბრალდების მხარეს დაეკისრება.

კანონპროექტი მოსამართლეს ასევე ავალდებულებს, რომ თავის განჩინებაში მიუთითოს ის მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც იგი გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების აუცილებლობაში დარწმუნდა; ის ასევე ვალდებული ხდება, რომ  სასამართლო სხდომაზე განჩინების გამოცხადებისას  ზეპირად განუმარტოს მხარეებს, თუ რომელი მტკიცებულებების საფუძველზე გამოიყენა წინასწარი პატიმრობა და რა მიზეზით მიიჩნია, რომ სხვა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება ვერ უზრუნველყოფდა აღკვეთის ღონისძიების მიზნის მიღწევას.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ამ ცვლილებების მომზადება განაპირობა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ბიუროს „სასამართლო პროცესის მონიტორინგის ანგარიშში“ ასახულმა შესაბამისმა რეკომენდაციებმა, რომლებიც ყოფილი მაღალჩინოსნების 14 საქმის სასამართლო პროცესების დაკვირვებიდან გამომდინარეობს.

კანონპროექტის კიდევ ერთი ცვლილების თანახმად, როცა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება, მაგალითად გირაო, სასამართლოს საქმის არსებითი განხილვისათვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან განესაზღვრება მაქსიმალური 2-წლიანი ვადა, რათა მან ამ საქმეზე საბოლოო განაჩენი გამოიტანოს. თუმცა ეს ვადა, რომელიც მოქმედ კანონმდებლობაში არ არის განსაზღვრული, არ გავრცელდება იმ საქმეებზე, სადაც ბრალდებული თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას ან ძებნაშია.

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე მიესალმა ამ ცვლილებებს, როგორც სასამართლოს რეფორმირების გზაზე „წინ გადადგმულ ნაბიჯს“.