უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილეობაზე ცვლილებები მეორე მოსმენით მიღებულია

პარლამენტმა 29 მაისს მეორე მოსმენით მიიღო ცვლილებები  სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც აფართოებს უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებთან დაკავშირებულ დანაშაულთა წრეს, ხოლო ამავე კანონპროექტის იმ ნაწილის მიღება, რომელიც "ძალადობრივი მოწოდების" კრიმინალიზაციას ეხება, გადადო.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ აპრილში კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის დროს განაცხადა, რომ მთავრობამ ამ ინიციატივის მომზადება დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობით გასულ წელს დაიწყო იმის პრევენციისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეები სირიასა და ერაყში ისლამური სახელმწიფოს სახელით ცნობილ სამხედრო დაჯგუფებაში საბრძოლველად არ ჩაერთონ. მან პანკისის ხეობაში მცხოვრები მუსლიმი ახალგაზრდების რადიკალიზაციას გამოწვევა უწოდა და ასევე აღნიშნა, რომ ამ პრობლემასთან გასამკლავებლად მხოლოდ კანონმდებლობის გამკაცრება საკმარისი არ არის და სახელმწიფომ „სხვა დაინტერესების საფუძველი უნდა შესთავაზოს“ ადგილობრივებს, რათა მათი „ინტეგრაცია მოხდეს საზოგადოებაში“.

კანონპროექტის მიხედვით, „უკანონო ფორმირებაში გაწევრიანება ან/და მონაწილეობა, ასეთი ფორმირების მიერ ორგანიზებული წვრთნის გავლა, ამგვარ უკანონო ფორმირებაში გაწევრიანების, მონაწილეობის ან მისი საქმიანობის სხვაგვარი ხელშეწყობის მიზნით პირის გადაბირება ან გაწვრთნა, პირთა შეგროვება“ დაისჯება 3-დან 7 წლამდე პატიმრობით.

კანონპროექტი უკანონო ფორმირებაში გაწევრიანებასთან ან მონაწილეობასთან დაკავშირებული საინფორმაციო მასალის ან სიმბოლიკის გავრცელებისთვისაც ითვალისწინებს სამ წლამდე პატიმრობას, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა  ეს „კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს“  ქმნის. თუკი ასეთივე საფრთხეს ქმნის უკანონო ფორმირებებთან დაკავშირებული დანაშაულის ჩადენისკენ საჯარო მოწოდება, ის ორ წლამდე პატიმრობით დაისჯება.

კანონპროექტის თანახმად, ვინც ნებაყოფლობით შეწყვეტს უკანონო ფორმირებაში მონაწილეობას, წვრთნების გავლას, პირთა გადაბირებას ან შეგროვებას ასეთ ფორმირებაში გასაწევრიანებლად და ჩააბარებს იარაღს, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება.

6-დან 9-წლამდე პატიმრობით დასჯადი ქმედება ხდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა ან გადაკვეთის მცდელობა ტერორისტული საქმიანობის განხორციელების, მომზადების, მონაწილეობის მიღების ან ტერორისტული წვრთნის გავლის მიზნით.

ამასთან, ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებისათვის ან ტერორისტული საქმიანობის განხორციელებისათვის გადაბირება 5-დან 10 წლამდე პატიმრობით დაისჯება; ასევე, კანონპროექტის თანახმად, დასჯადი ხდება ტერორიზმისკენ მოწოდება ან ტერორიზმის საჯაროდ მხარდაჭერა, თუ ეს ქმედება წარმოშობს „ტერორისტული საქმიანობის განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს“.

სისხლის სამართლის კოდექსს ასევე ემატება მუხლი, რომელიც  6-დან 10-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს „წინასწარი შეცნობით“ საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების ან ამგვარი საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერისთვის.

ამ კანონპროექტის ნაწილია ცვლილება, რომელიც „ძალადობრივი ქმედებებისკენ მოწოდების“ კრიმინალიზაციას ახდენს. 

კერძოდ, „საჯაროდ მოწოდება ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის რომელიმე სხვა საშუალებით ძალადობრივი ქმედებისკენ რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური, ენობრივი, ან/და სხვა ნიშნების მქონე პირთა ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოგდების მიზნით“ და ისიც იმ შემთხვევაში, თუ ეს ძალადობრივი ქმედების განხორციელების „აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს“ ქმნის, შესაძლოა თავისუფლების 2 წლამდე აღკვეთით დაისაჯოს.

თუმცა პარლამენტმა კანონპროექტს 29 მაისს ამ მუხლის გარეშე უყარა კენჭი, რადგან მასში დამატებითი ცვლილებების შეტანა იგეგმება მეორე და მესამე მოსმენით მიღების წინ.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა, რომ შსს-სთან და ნაციონალური მოძრაობასთან კონსულტაციების საფუძველზე ამ მუხლის ახალი რედაქცია იქნება შეთავაზებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული ეს საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტს განსახილველად იანვარში წარედგინა. მისი თავდაპირველი ვარიანტი „შუღლის გაღვივების თაობაზე მოწოდებების“ კრიმინალიზებას ითვალისწინებდა, რაც მწვავედ გააკრიტიკეს სამოქალაქო საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა. მათი წუხილების გასანეიტრალებლად, ეს ფორმულირება შეიცვალა და პირველი მოსმენით მიღებულ ვარიანტში გადაკეთდა, როგორც მოწოდება ძალადობრივი ქმედებებისკენ.

გადასინჯვის მიუხედევად, ზოგიერთი უფლებადამცველი ორგანიზაცია, კვლავაც აცხადებს, რომ საბოლოო ფორმულირება ისევ შეიცავს იმის რისკებს, რომ ამ საბაბით ხელისუფლებამ გამოხატვის თავისუფლება შეზღუდოს.