პარლამენტმა ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდების კრიმინალიზაციას დაუჭირა მხარი
პარლამენტმა 12 ივნისს ჯერ მეორე მოსმენით, ხოლო შემდეგ მესამე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა სისხლის სამართლის კოდექსის ახალი დებულებები, რომელიც ძალადობრივი ქმედებებისკენ მოწოდების კრიმინალიზებას ეხება.
საბოლოოდ მიღებული ვარიანტით, პირი, ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, ჯარიმით ან ორასიდან ოთხას საათამდე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით დაისჯება, თუ ის საჯაროდ მოუწოდებს „ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის რომელიმე სხვა საშუალებით ძალადობრივი ქმედებებისკენ რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნების მქონე პირთა ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოგდების მიზნით“ და ისიც იმ შემთხვევაში, თუ ეს მოწოდება „ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს“ ქმნის.
ეს დანაშაული, თუ მან გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან სხვა მძიმე შედეგი, 2-დან 5 წლამდე პატიმრობით დაისჯება.
„ძალადობრივი მოწოდების“ შესახებ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით დაისჯება.
იმისათვის, რომ ეს ახალი დებულებები კანონად იქცეს, კანონპროექტს პრეზიდენტმა მარგველაშვილმა უნდა მოაწეროს ხელი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული ეს საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტს განსახილველად იანვარში წარედგინა. მისი თავდაპირველი ვარიანტი „შუღლის გაღვივების თაობაზე მოწოდებების“ კრიმინალიზებას ითვალისწინებდა, რაც მწვავედ გააკრიტიკეს სამოქალაქო საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა. მათი წუხილების გასანეიტრალებლად, ეს ფორმულირება შეიცვალა და გადაკეთდა, როგორც მოწოდება ძალადობრივი ქმედებებისკენ. თუმცა ამის მიუხედავად, ზოგიერთი უფლებადამცველი ორგანიზაცია, კვლავაც აცხადებს, რომ საბოლოო ფორმულირება ისევ შეიცავს იმის რიკებს, რომ ამ საბაბით ხელისუფლებამ გამოხატვის თავისუფლება შეზღუდოს.
ამ საკანონმდებლო ცვლილებების ნაწილია ასევე ის ახალი დებულებები სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც აფართოებს უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებთან დაკავშირებულ დანაშაულთა წრეს.