ეკონომიკის სამინისტროს შენობა აუქციონზე იყიდება

თბილისის ცენტრში მდებარე შენობა, სადაც ამჟამად ეკონომიკის სამინისტროა განთავსებული, ელექტრონულ აუქციოზე გასაყიდად იქნა გამოტანილი. 

ჭანტურიას ქუჩა N12-ში მდებარე შენობის საწყისი ფასი 6 მილიონი აშშ დოლარია. აუქციონი 26 ივნისს დასრულდება.

სამინისტროს მიერ დადგენილი პირობების თანახმად, მყიდველი ვალდებული იქნება 2018 წლის ბოლომდე არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმრო შექმნას და ექსპლუატაციაში გაუშვას.

ეკონომიკის სამინისტროს შენობის გაყიდვის შესახებ გადაწყვეტილება მთავრობამ პირველად თებერვალში გააჟღერა. მთავრობამ განაცხადა მაშინ, რომ ლარის გაუფასურების ფონზე ის სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის გააქტიურებას და ამ პროცესში დაახლოებით 300–350 მილიონი აშშ დოლარის მოძიებას გეგმავდა.

პარლამენტის მიერ დეკემბრის ბოლოს მიღებული 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით პრივატიზაციიდან დაგეგმილი შემოსავლები მხოლოდ 85 მილიონ ლარს შეადგენს (2015 წლის ბიუჯეტის მიღების დროს ეს თანხა 46.1 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, ახლა კი ლარის გაუფასურების გამო ის დაახლოებით 36.7 მილიონი აშშ დოლარია).