მარგველაშვილი სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისკენ გადადგმული ნაბიჯის გამო აკრიტიკებს

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დაგმო თავისი წინამორბედის მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება, რომელმაც ოდესის გუბერნატორის პოსტის დასაკავებლად უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და ამით საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისკენ გადადგა ნაბიჯი; მარგველაშვილმა ეს ქართული სახელმწიფოს და პრეზიდენტის ინსტიტუტის „შეურაცხყოფად“ შეაფასა.

მარგველაშვილის მკაცრი კრიტიკა, რაც მისთვის უჩვეულოა, იმ ფაქტს მოყვა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 30 მაისს სააკაშვილი ოდესის ახალ გუბერნატორად დანიშნა.

ერთი დღით ადრე პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი საქართველოს მოქალაქეობას დაკარგავს.

„მე მინდა გამოვხატო მკვეთრად ნეგატიური პოზიცია“ სააკაშვილის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, განუცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ჟურნალისტებს ქუთაისში, სადაც ის საქართველოს პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო.

„საქართველოს პრეზიდენტს არ უნდა დაეტოვებინა საქართველოს მოქალაქეობა“, – განაცხადა მარგველაშვილმა, „ამით მან შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს სახელმწიფოს, პრეზიდენტის ინსტიტუტს და ჩემი აზრით, კარიერაზე უფრო მნიშვნელოვანი არის ღირებულებები. ასეთი არის, მაგალითად, მოქალაქეობა. ჩემთვის გაუგებარია მისი ეს ნაბიჯი“.

სააკაშვილმა 2014 წლის ნოემბრის შემდეგ რამდენჯერმე განაცხადა, რომ მას უკრაინის ვიცე–პრემიერის პოსტი შესთავაზეს, თუმცა უარის თქმა მოუწია, ვინაიდან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა არ სურდა.

თუ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეობის აღდგენას გადაწყვეტს, მან საქართველოს პრეზიდენტს უნდა მიმართოს, რომელსაც აქვს უფლება, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს პასპორტი მისცეს. ჯერჯერობით უცნობია მიმართავს თუ არა სააკაშვილი პრეზიდენტს. ასევე უცნობია, როგორი იქნება პრეზიდენტ მარგველაშვილის გადაწყვეტილება სააკაშვილის მიმართვის შემთხვევაში, რომელიც საქართველოს მიერ იძებნება სხვადასხვა ბრალდებებით, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი უარყოფს და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

სააკაშვილის გადაწყვეტილების კომენტირებისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განუცხადა ჟურნალისტებს ქუთაისში 31 მაისს: „ყველაზე საუკეთესოდ მისი ერთგულება საკუთარი სამშობლოს მიმართ მისი გუშინდელი ქმედებით გახდა ნათელი. თუკი ვინმეს კიდევ რამეში თეორიულად მაინც ეჭვი ეპარებოდა, მე მგონი, ყველამ ძალიან კარგად დაინახა როგორი „ერთგულია“ საკუთარი სამშობლოს მიმართ მისი ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც არაფრად არ უღირს ის, რაც ყველაზე ძვირფასია ყოველი ჩვენგანისთვის – ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა და ჩვენი ქვეყნის სამსახური“.         

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ განუცხადა „რუსთავი 2“–ს 31 მაისს, რომ საქართველოს ხელმძღვანელობის ასეთი რეაქცია ყოფილი პრეზიდენტის გადაწყვეტილების მიმართ „ცოტა უცნაურია“.

„ეს კიდევ ერთხელ უჩვენებს, რომ ამ ადამიანებს დაბოღმილი მიდგომა აქვთ. მიხეილ სააკაშვილის ეს ნაბიჯი ემსახურება საქართველოს ინტერესებს“, – განაცხადა ვაშაძემ.

ახალი თანამდებობის დაკავების შემდეგ ოდესაში ადგილობრივ ხელისუფლებასთან საუბრისას სააკაშვილმა განაცხადა: „ჩვენ ყველა ერთად ავაშენებთ ახალ უკრაინას. ახალი უკრაინის გარეშე, არ იქნება საქართველო“.