პუტინი მოსკოვში სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერს შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 1 ივნისს მოსკოვში სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერს ლეონიდ თიბილოვს შეხვდა.

კრემლის ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ შესახებ პუტინის და თიბილოვის მიერ მარტში, მოსკოვში ხელმოწერილ ხელშეკრულებაზე იმსჯელეს.

„სიტუაცია საკმაოდ ენერგიულად ვითარდება“, – უთხრა პუტინმა თიბილოვს, „ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ჩვენ წინ მივიწევთ – მანამდეც კი, სანამ ხელშეკრულება შესაბამის პროცედურებს გაივლის“.

ხელშეკრულება რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს რატიფიკაციისთვის  მაისის ბოლოს წარედგინა.

„ჩვენ ხელშეკრულების განხორციელებას ველით“, – განაცხადა თიბილოვმა, „ჩვენ უკვე ვმუშაობთ წინადადებებზე, რომლებიც იმ დამატებითი შეთანხმებების საფუძველი გახდება, რომლებიც ხელშეკრულების სრული რეალიზაციისთვისაა საჭირო“.

პრეზიდენტი პუტინი სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერს, რაულ ხაჯიმბას სოჭში 15 მაისს შეხვდა.

მოსკოვსა და ცხინვალს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ თაობაზე  ხელშეკრულების თანახმად, „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების და უსაფრთხოების სტრუქტურების ცალკეული შენაერთები რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების და უსაფრთხოების სტრუქტურების შემადგენლობაში შევლენ“.

ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს სეპარატისტული რეგიონის საბაჟო სტრუქტურის „ინტეგრაციას“ რუსეთის ფედერაციის საბაჟო სამსახურთან.

ისევე როგორც აფხაზეთის შემთხვევაში, რომელთანაც მოსკოვმა ასევე მოაწერა ხელი ანალოგიურ ხელშეკრულებას 2014 წლის ნოემბერში, ცხინვალთან ხელშეკრულება ითვალისწინებს სამართალდამცავი სტრუქტურების ერთობლივი საინფორმაციო საკოორდინაციო ცენტრის ჩამოყალიბებას „ორგანიზებული დანაშაულის და სხვა მძიმე დანაშაულების“ წინააღმდეგ ბრძოლის „კოორდინაციის“ მიზნით.

რუსეთი ვალდებულებას იღებს, რომ „თანადააფინანსოს“ სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში სახელმწიფო სამსახურების თანამშრომელთა ხელფასების ეტაპობრივი ზრდა რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში არსებულ დონემდე.

რუსეთი ასევე პირობას დებს, რომ 2016 წლიდან პენსიებს გაუზრდის სეპარატისტული რეგიონის იმ მაცხოვრებლებს, რომელთაც რუსული პასპორტები აქვთ. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს სეპარატისტული რეგიონის მაცხოვრებლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების პროცედურის კიდევ უფრო გამარტივებას.