ხიდაშელის თქმით, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის შესყიდვაზე ფრანგულ კომპანიებთან ‘ძალიან მალე’ გაფორმდება კონტრაქტი
თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ ერთ კვირაში პარიზში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში იმ გარიგების ბოლო დეტალებს დააზუსტებს, რომელიც ფრანგული კომპანიებიდან ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის დაგეგმილ შესყიდვას უკავშირდება.
იარაღთან დაკავშირებული ეს პოტენციური გარიგება თავდაცვის ახლანდელი მინისტრის წინამორბედებს ირაკლი ალასანიასა და მინდია ჯანელიძეს შორის კამათის თემა გახდა. ალასანიამ, რომელიც ოპოზიციური თავისუფალი დემოკრატების ლიდერია, აპრილში ხელისუფლება შესასრულებლად არასავალდებულო იმ ურთიერთგაგების მემორანდუმის იგნორირებაში დაადანაშულა, რომელიც მან საფრანგეთში შემოდგომაზე მინისტრობიდან გათავისუფლებამდე შეათანხმა და რომელიც ქვეყნისთვის საჭირო საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენის შესაძლებლობას ქმნის. მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა, მინდია ჯანელიძემ უარყო ალასანიას ბრალდებები და განაცხადა, რომ ხელისუფლება ამ გარიგების თაობაზე მუშაობას აგრძელებდა.
„უკვე დაგეგმილი არის შეხვედრა [ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის მომწოდებელ] იმ კომპანიებთან და უკვე ძალიან მალე, სავარაუდოდ, ამ თვის ბოლომდე ხელსაც მოვაწერთ [ხელშეკრულებას], მაგრამ ახლა ამ ერთი კვირის თავზე, ბოლო შეხვედრა მექნება იმისათვის, რომ ბოლო დეტალები დავაზუსტოთ“, – განუცხადა ხიდაშელმა ქართველ ჟურნალისტებს საფრანგეთში დაგეგმილ ვიზიტზე, რომელზეც მან 1 ივნისს ბრიუსელში ისაუბრა.
ნატოს შტაბბინაში მან ალიანსის გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან თავდაცვის მინისტრის რანგში პირველი შეხვედრა გამართა თავისი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში.
ხიდაშელმა განაცხადა, რომ თბილისს უკვე ამორჩეული აქვს ის ადგილი, სადაცნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი და შეფასების ცენტრი განთავსდება. ამ ცენტრის შექმნას ალიანსის მიერ სექტემბერში უელსის სამიტზე საქართველოსთვის შეთავაზებული თანამშრომლობის არსებითი პაკეტი ითვალისწინებს.
„ჩვენ უკვე გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს [ნატო-საქართველოს ცენტრის ადგილმდებარეობაზე]. ეს გადაწყვეტილება ბრიუსელშია და ველოდებით მათგან საბოლოო პასუხს“, – განაცხადა ხიდაშელმა იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ მომავალი ცენტრის პოტენციური ადგილსამყოფელის დაკონკრეტების გარეშე.
„ჩვენ მივიღეთ გენერალური მდივნისგან პირობა, რომ ის საქართველოში ამ წლის განმავლობაში ჩამოვა და შესაბამისად, სიმბოლურად შეიძლება სწორედ ამას დავამთხვიოთ საწვრთნელი ცენტრის გახსნა“, – აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.