საპარლამენტო ფრაქციების პოზიციები მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე

საარჩევნო სისტემის მაჟორიტარული კომპონენტის გაუქმებისა და მისი რეგიონალურ პროპორციული სისტემით ჩანაცვლებაზე მოწოდებების თაობაზე ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების უმეტესობას ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს, ორი ფრაქცია ამის კატეგორიული წინააღმდეგია და მხოლოდ ერთი, რესპუბლიკელთა 9-წევრიანი ფრაქცია უჭერს ღიად ამ იდეას მხარს.

86-წევრიან საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი შვიდი ფრაქციიდან, ორს: დამოუკიდებელ მაჟორიტარებს – ძლიერი რეგიონებისათვის და უპარტიო, დამოუკიდებელ  მაჟორიტარებს, რომლებშიც 6-6 წევრია გაერთიანებული, მკვეთრად ჩამოყალიბებული უარყოფითი პოზიცია გააჩნია საარჩევნო სისტემის არსებული მაჟორიტარული კომპონენტის გაუქმების თაობაზე.

უპარტიო დამოუკიდებელი მაჟორიტარების ფრაქციის ხელმძღვანელის კახა ოქრიაშვილის მსგავსად, ფრაქცია დამოუკიდებელი მაჟორიტარები – ძლიერი რეგიონებისათვის წარმომადგენელი გურამ მისაბიშვილი ასევე აცხადებს, რომ ისინი მხარს არ უჭერენ დღეს მოქმედი სისტემის გაუქმებას.

„ჩამოყალიბებული პოზიცია გვაქვს ამ საკითხზე, რომელიც ალბათ არ შეიცვლება“, – განუცხადა Civil.ge-ს დეპუტატმა მისაბიშვილმა.

საარჩევნო სისტემის რეფორმის მიმართულებაზე თავისი საბოლოო პოზიცია ჯერ არ გააჩნია უმრავლესობის ოთხ ფრაქციას, მათ შორის უმსხვილესს, 47-წევრიან ქართულ ოცნებას, რადგან ამ საკითხზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს კონსულტაციები.

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილემ ელისო ჩაფიძემ განაცხადა, რომ ამჟამინდელი მსჯელობის საგანია, თუ რა ფორმით უნდა შეიცვალოს საარჩევნო სისტემა რეგიონულ პროპორციული მიმართულებით თუ ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით მაჟორიტარული ოლქების გათანაბრების გზით,  რათა „ერთის მხრივ პარლამენტში რეგიონული წარმომადგენლობა არ დაიკარგოს და მეორე მხრივ, პარტიების პროპორციული წარმომადგენლობაც გაძლიერდეს“.

„მაჟორიტარული სისტემის სრულად გაუქმება რთული გადასაწყვეტი საკითხია, რადგან ამას კონსტიტუციური ცვლილებები და 113 ხმა სჭირდება, რაც არ მგონია, რომ განხორციელდეს, რადგან ბევრი მაჟორიტარი არის ამის წინააღმდეგი“, – განუცხადა მან Civil.ge-ს და იმედი გამოთქვა, რომ მოხერხდება უმრავლესობის დარწმუნება იმაში, რომ მხარი დაუჭიროს მაჟორიტარული სისტემის ამა თუ იმ ფორმით „სახეცვლილებას“.

6-წევრიანი ფრაქცია ქართული-ოცნება-კონსერვატორების თავმჯდომარემ, დეპუტატმა გიგა ბუკიამ განუცხადა Civil.ge-ს: „ჩვენ, კონსერვატორებს, რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიცია გაგვაჩნია, მაგრამ ვინაიდან კოალიციურ რეჟიმში ვართ, მხოლოდ კოალიციურად შეჯერებულ პოზიციას დავაფიქსირებთ“.

ასევე 6-წევრიანი ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ მალხაზ ვახტანგაშვილმა მართალია განაცხადა, რომ მისი პარტია მაჟორიტარული სისტემის  წინააღმდეგ ყოველთვის იბრძოდა, მაგრამ ისიც აღნიშნა, რომ ამ საკითხზე საბოლოო პოზიცია ჯერ-ჯერობით არ არის ჩამოყალიბებული.

„იმის მიუხედევად რომ თავად მაჟორიტარი ვარ [გორიდან], ჩემი პირადი აზრია, რომ ეს სისტემა ვერ ამართლებს და არ იქნებოდა ურიგო, თუ ის უკეთესობისკენ – რეგიონულ პროპორციული სისტემისკენ შეიცვლებოდა, თუმცა ვიმეორებ, ეს ჩემი კერძო მოსაზრებაა და ფრაქციის საბოლოო პოზიცია უახლოეს ხანებში გახდება ცნობილი“, – განუცხადა ვახტანგაშვილმა 2 ივნისს Civil.ge-ს.

ასევე 6-წევრიანი ფრაქციის, ქართული-ოცნება-მრეწველების თავმჯდომარემ გოგი თოფაძემ განაცხადა, რომ ის ეთანხმება პრინციპს, რომ ყველა რაიონს ან რეგიონს ჰყავდეს თავისი წარმომადგენლობა პარლამენტში.

„მთელი რიგი საკითხებია გასავლელი, რომელიც ჯერ საკამათოა და მომწიფებული არ არის. რაღაც კომპრომისი უნდა მოვნახოთ არსებულ მოდელში ცვლილებების გასატარებლად“, – განუცხადა თოფაძემ სამშაბათს Civil.ge-ს.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა, რომელიც ქართული-ოცნება დემოკრატიული საქართველოს პარტიის წევრია, თუმცა მრეწველთა ფრაქციაში ირიცხება, განაცხადა, რომ უმრავლესობის რიგებში მაჟორიტარული სისტემის გაუქმების იდეას უფრო მეტი მოწინააღმდეგე ჰყავს, ვიდრე მომხრე და „ამ განწყობებიდან გამომდინარე შეუძლებელი იქნება კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა“.

საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტისგან 14 ოპოზიციური, მათ შორის ორივე საპარლამენტო ოპოზიციური პარტია და 8 არასამთავრობო ორგანიზაცია მოითხოვს, რომელთაც ერთობლივი მიმართვა 2 ივნისს წარუდგინეს საკანონმდებლო ორგანოს, რათა მან დაუყოვნებლივ დაიწყოს საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება.

საქართველოში ამჟამად შერეული სისტემა მოქმედებს, სადაც 150–წევრიან პარლამენტში 77 ადგილი პროპორციული სისტემით ნაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებს შორის, რომლებიც 5%–იან ბარიერს გადალახავენ, ხოლო დარჩენილი 73 დეპუტატი მაჟორიტარულ, ერთმანდატიან ოლქში ირჩევა. ოპონენტების თქმით, ერთმანდატიანი ოლქები ხელისუფლებაში მყოფი ძალებისთვის ყველაზე მისაღები მოდელია, რადგან როგორც წესი, სახელისუფლებო კანდიდატები იგებენ მაჟორიტარულ არჩევნებს და ინარჩუნებენ მმართველი ძალისადმი ლოიალობას.  

ერთობლივი მიმართვის ავტორები საკანონმდებლო ორგანოს სთავაზობენ, რომ ეს წესი შეცვალონ იმგვარად, რომ 150-წევრიანი პარლამენტის 75 დეპუტატი  ერთიანი პროპორციული სისტემით იქნას არჩეული, ხოლო მეორე ნახევარი სამხარეო პროპორციული სისტემით. ეს უკანასკნელი გულისხმობს რეგიონებში პარტიული სიებისათვის ხმის მიცემას, სადაც რეგიონისთვის განსაზღვრული მანდატები მიღებული ხმების მიხედვით პროპორციულად ნაწილდება.

ამ ცვლილების ინიცირებისათვის სულ ცოტა 76 დეპუტატის ხელმოწერა ან 200 ათასი ამომრჩევლის მიმართვაა საჭირო, რასაც შემდეგ ერთთვიანი საერთო-სახალხო განხილვის პროცედურა და კანონპროექტის სამი მოსმენით, 113 ხმით მიღება უნდა მოყვეს ორი თანმიმდევრული სესიის განმავლობაში.

პარლამენტის ოპოზიციური ძალები, „თავისუფალი დემოკრატები“, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში 8 დეპუტატით არის წარმოდგენილი და ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას, ემხრობიან ამჟამად მოქმედი მაჟორიტარული კომპონენტის რეგიონულ პროპორციული სისტემით ჩანაცვლებას.

ნაციონალური მოძრაობის 46-წევრიან უმცირესობაში სამი ფრაქცია შედის, საიდანაც ორში 6-6 მაჟორიტარი დეპუტატია გაერთიანებული.

ნაციონალური მოძრაობა – რეგიონების ფრაქციის წარმომადგენელმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურაბ ჩილინგარაშვილმა განუცხადა Civil.ge-ს, რომ მისი ფრაქცია მხარს უჭერს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას; ასეთივე პოზიცია დააფიქსირა ნაციონალური მოძრაობა – მაჟორიტარების ხელმძღვანელმა აკაკი ბობოხიძემაც, თუმცა მან ასევე მიანიშნა, რომ შესაძლოა განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდეს.

„მიუხედავად იმისა, როგორიც არ უნდა იყოს ჩემი დამოკიდებულება, მზად ვარ მხარი დავუჭირო იმ პოზიციას, რაზეც ჩამოყალიბდება პოლიტიკური კონსენსუსი, რათა ხელისუფლებამ ოპოზიციურ პარტიებში არსებული განსხვავებული მიდგომები არ გამოიყენოს თავის სასარგებლოდ და ამით გაამართლოს თავისი უმოქმედობა ან არასწორი მოქმედება, რაც შესაძლოა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მოტივით მაჟორიტარული ოლქების მექანიკურ გაერთიანებაში გამოიხატოს“, – განუცხადა  2 ივნისს ბობოხიძემ Civil.ge-ს და დასძინა: „დაველოდოთ, რას ფიქრობს ხელისუფლება“.

მმართველმა კოალიციამ უკვე გამოთქვა პოლიტიკური მზაობა, რომ დაგეგმილ საარჩევნო რეფორმის პრინციპებს შორის ასახოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც  მაჟორიტარული ოლქების იმგვარი დაყოფისკენ მოუწოდებს, რომ ოლქებს შორის არსებული  ამომრჩეველთა უთანაბრობა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)