ივანიშვილი ეროვნული ბანკის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებას მიესალმება

ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ იმ კანონპროექტის მიღება, რომელიც საქართველოს ეროვნულ ბანკს საფინანსო ზედამხედველობის ფუნქციებს ართმევს, საბანკო სექტორის დამოუკიდებლობის ზრდას დაეხმარება.

ამ კანონპროექტის ინიცირება ცოტა ხნის წინ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ქართული ოცნების დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა და მისმა მოადგილემ, რესპუბლიკელმა ნოდარ ებანოიძემ მოახდინეს. ინიციატივა ბიზნეს ასოციაციებმა და პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გააკრიტიკეს. პრეზიდენტმა ისიც კი მიანიშნა, რომ პარლამენტის მიერ დამტკიცების შემთხვევაში, კანონპროექტს ვეტოს დაადებს. 

„ვინც ამ განცხადებებს აკეთებს, რომ საინვესტიციო გარემოს შეექმნება საფრთხე, ის ცუდად აცნობიერებს და ცუდად ესმის რა ცვლილებები იგეგმება პარლამენტში. პირიქით, უფრო მეტი დამოუკიდებლობა მიეცემათ კომერციულ ბანკებს, ისინი ვეღარ გახდებიან – თუ ასეთი არსებობს, მე არ ვამტკიცებ – პოლიტიკური თამაშების მსხვერპლი ეროვნული ბანკის მხრიდან“, – განუცხადა ივანიშვილმა 4  ივნისს ჟურნალისტებს მიერ დაფინანსებული იმ პროექტის ფარგლებში გამართული ღონისძიების დროს, რომელიც სკოლის მოსწავლეებში სამოქალაქო განათლების წახალისებას ისახავს მიზნად.

გასულ თვეს საგაზეთო ინტერვიუში ეროვნული ბანკის კანონში დაგეგმილი ცვლილებების თანაავტორმა, დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა, რომელიც ყველაზე აქტიურად აკრიტიკებს ქადაგიძეს, განაცხადა, რომ მართალია ივანიშვილს შეეძლო ამის გაკეთება, მაგრამ მან არ დაიჭირა ქადაგიძე „ერთ–ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლის“ თხოვნის გამო.

როცა ამის თაობაზე ჰკითხეს, ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა განუცხადა ჟურნალისტებს 4 ივნისს, რომ მან საერთაშორისო სავალუტო ფონდის „წარმომადგენლის“ თხოვნის გამო მიმართა პროკურატურას, რომ შეეჩერებინა  გამოძიება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის მიმართ „ბანკი ქართუს“ წინააღმდეგ დაგეგმილ შეთქმულებაში მის სავარაუდო მონაწილეობასთან დაკავშირებით.   

იგი სავარაუდოდ იმ გამოძიებას გულისხმობდა, რომელიც კოალიცია ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე დაიწყო 2012 წლის ბოლოს.  საქმე ეხება „ბანკი ქართუს“ გაკოტრების მიზნით წინა ხელისუფლების სხვადასხვა რგოლების მიერ შეთანხმებულ და ორგანიზებულ მცდელობას.

ივანიშვილმა უთხრა ჟურნალისტებს 4 ივნისს, რომ „საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა მთხოვა პირად შეხვედრაზე“, რომ არ განხორციელებულიყო ქადაგიძის დაკავება.

„და მეც გავითვალისწინე; მათ იცოდნენ, რომ მან [ქადაგიძემ] კანონი დაარღვია და ის დასაჭერია… მაგრამ იქნება აპატიოთო და მეც ვუთხარი, რომ ის რაც პირადულია, მე შემიძლია ეს გავაკეთო და პროკურატურაში განცხადების მსვლელობა შევაჩერე, თუმცა ჯავახიშვილი ძალიან განაწყენდა“, – განაცხადა ივანიშვილმა „ბანკი ქართუს“ მაშინდელ ხელმძღვანელზე და ამჟამად ინფრასტრუქტურის მინისტრზე, ნოდარ ჯავახიშვილზე.

ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ის არ განიხილავს თავის თხოვნას პროკურატურის მიმართ, როგორც  გამოძიების საქმეებში ჩარევას, რადგანაც მას „ბანკი ქართუ“ მიაჩნია და ის იყო კიდეც იმ დროს „პირადი“.

როდესაც ივანიშვილმა კოალიცია ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მთავრობის შემადგენლობა დაასახელა, მაშინ განაცხადა, რომ  სურდა ნოდარ ჯავახიშვილს შეეცვალა ქადაგიძე  ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე. თუმცა, მას შემდეგ რაიმე მსგავს განცხადებას ან რაიმე საჯარო ქმედებას ამის განსახორციელებლად ადგილი არ ჰქონია. კანონის თანახმად, პრემიერ–მინისტრს არ ჰქონდა და არც ახლა აქვს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეცვლის უფლებამოსილება. ქადაგიძის შვიდწლიანი ვადა 2016 წლის თებერვალში იწურება.

„თუ მას სახელმწიფოს წინაშე აქვს რაიმე დარღვევა ჩადენილი, რა თქმა უნდა, მე ხელს ვერ დავაფარებ“, – აღნიშნა ივანიშვილმა ქადაგიძის შესახებ.

„როგორც ჩანს მას აქვს კიდევ დარღვევები, თუმცა ამ დარღვევებს დამტკიცება სჭირდება და ეს სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს“, – დასძინა მან.