საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მონტენეგროს სტუმრობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი 4–5 ივნისს მონტენეგროს სტუმრობს, სადაც ქვეყნის ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს მართავს.

ეს თამარ ბერუჩაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტია მონტენეგროში.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა შეხვედრები გამართა მონტენეგროს პრეზიდენტთან ფილიპ ვუიანოვიჩთან; პარლამენტის სპიკერთან რანკო კრივოკაპიჩთან; პრემიერ-მინისტრთან მილო დიუკანოვიჩთან; ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრთან იგორ ლუკსიჩთან და თავდაცვის მინისტრთან მილიცა პეინოვიჩ-დიურისიჩთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შეხვედრებზე განხილულ იქნა ევრო–ატლანტიკური ინტერგრაციის საკითხი, ასევე მომავალი წლის ნატოს სამიტი ვარშავაში.

„მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გააქტიურდეს თანამშრომლობა ნატოს ასპირანტი ქვეყნების ფორმატში“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, „აღინიშნა მონტენეგროსთან, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანასთან თანამშრომლობის მნიშვნელობა, მონტენეგრომ გამოთქვა მზადყოფნა გაუზიაროს საქართველოს გამოცდილება მრავალი მიმართულებით, მათ შორის ევროკავშირთან კანონმდებლობის ჰარმონიზაციის საკითხში“.

სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ ორი ქვეყანა მზად არის „დაიწყოს მუშაობა ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების გათვალისწინებით თავისუფალის სავაჭრო რეჟიმის შემოღების შესაძლებლობებზე“.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მონტენეგროს აპრილის ბოლოს სტუმრობდა.