ავღანეთის ISAF-ის მისიაში სამი წლის წინ დაჭრილი ქართველი სამხედრო გარდაიცვალა

კაპრალი რამაზ დავითაია, რომელიც  ავღანეთის  ISAF-ის მისიაში 2012 წლის 20 ივნისს ჰელმანდის პროვინციაში პატრულირების დროს მძიმედ დაიჭრა და მას შემდეგ გერმანიის ამერიკულ კლინიკაში და შემდგომში საქართველოში გადიოდა მკურნალობას, გორის სამხედრო ჰოსპიტალში დღეს გარდაიცვალა, იტყობინება თავდაცვის სამინისტრო.

ამ ფაქტმა ავღანეთის ISAF-ის მისიაში საქართველოს მიერ გაღებული მსხვერპლი 30-მდე გაიზარდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავდაცვის სამინისტრომ და აშშ-ის საელჩომ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვეს კაპრალ დავითაიას გარდაცვალების გამო, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2007 წლის ივნისიდან ირიცხებოდა.

„ჩვენი ექიმები დიდი ხნის განმავლობაში იბრძოდნენ მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. უდიდესი ძალისხმევის მიუხედავად, ვერ მოხერხდა ნამდვილი ჯარისკაცისა და მამულიშვილის გადარჩენა. რამაზ დავითაიამ ჩვენს სამშობლოსა და მთელ მსოფლიოში მშვიდობისათვის გაწირა თავი. მე ქედს ვიხრი მისი ხსოვნის წინაშე“, – ნათქვამია ღარიბაშვილის სამძიმრის წერილში.

„გორიდან მოვდივარ, ამაყი, მაგრამ გულდამძიმებული“, – დაწერა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა თავის Facebook-ის გვერდზე რამაზ დავითაიას შესახებ, „დღეს მისი სიცოცხლე დასრულდა, თუმცა კიდევ ერთი ქართველი გმირი დაიბადა ჩვენს თვალწინ. გმირი რომელზეც დიდხანს ისაუბრებენ, დიდხანს ვიამაყებთ, დიდხანს გავიხსენებთ“.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით,  გარდაცვალებამდე აშშ-ის საელჩოსთან მიმდინარეობდა მუშაობა დავითაიას აშშ-ში სამკურნალოდ შესაძლო გადაყვანაზე.

„კაპრალი დავითაია გამორჩეული იყო თავისი სიმამაცით, სიძლიერითა და სიმტკიცით",  – განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა, "გერმანიაში, ამერიკულ ჰოსპიტალში მკურნალობის შემდეგ მე და [მის მეუღლე] მერის რამაზთან და მის ოჯახთან ურთიერთობის პატივი გვერგო. ჩვენ ის გასულ ხუთშაბათს გორში მოვინახულეთ, თუმცა არ ვიცოდით, რომ ეს ბოლო შეხვედრა იქნებოდა. ძალიან გვეტკინა გული. შეერთებული შტატების სახელით ვუსამძიმრებ კაპრალ დავითაიას ოჯახს, მეგობრებსა და თანამებრძოლებს". 

ელჩმა თავის სამძიმრის წერილში ასევე აღნიშნა, რომ კაპრალ დავითაიას ხსოვნის პატივსაცემად აშშ-ის საელჩოს დროშა 24 საათის განმავლობაში დაშვებული იქნება.