საქსტატი: პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 2015 წლის პირველ კვარტალში 175 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
„საქსტატის“ მიერ სამშაბათს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2015 წლის პირველ კვარტალში 34%–ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 175 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
იმ დროს, როცა ზოგიერთ სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა – მათ შორის ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის, მშენებლობის და სასტუმროების სექტორებში – უძრავი ქონებისა და საბანკო სექტორებში 2015 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები უარყოფით ნიშნულზეა და შესაბამისად, -18 მლნ აშშ დოლარს და -10 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია 2015 წლის პირველ კვარტალში ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა და 146 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნაცვლად წინა წლის შესაბამის პერიოდში არსებული 44 მლნ აშშ დოლარისა; შემდეგ მოდის მშენებლობა – 24 მლნ აშშ დოლარი, რაც ოთხჯერადი ზრდაა გასული წლის პირველი კვარტლის მონაცემთან შედარებით; სამთომოპოვებითი მრეწველობა – 18 მლნ აშშ დოლარი, 20%–იანი ზრდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით; სასტუმროები და რესტორნები – 17 მლნ აშშ დოლარი, ნაცვლად შარშან პირველ კვარტალში არსებული 2 მლნ აშშ დოლარისა; ენერგეტიკა – 11 მლნ აშშ დოლარი; 8.3%–იანი კლება წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით; დამამუშავებელი მრეწველობა – 5 მლნ აშშ დოლარი, ნაცვლად 46 მლნ აშშ დოლარისა გასული წლის შესაბამის პერიოდში; პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაორმაგდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა სოფლის მეურნეობის სექტორში.
2015 წლის პირველ კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანაა აზერბაიჯანი – 59 მლნ აშშ დოლარი, რაც 25.5%–იანი ზრდაა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით; შემდეგ მოდის თურქეთი – 27 მლნ აშშ დოლარი, 10%–იანი კლება; რუსეთი – 23 მლნ აშშ დოლარი, ნაცვლად გასული წლის პირველი კვარტლის 20 მლნ აშშ დოლარისა; 22 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ნიდერლანდებში დარეგისტრირებულმა კომპანიებმა განახორციელეს, ნაცვლად გასული წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული 81 მლნ აშშ დოლარისა.