საქსტატი: პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 2014 წელს 1.75 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა



2005-2014 წლების პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლები აშშ დოლარებში. წყარო: საქსტატი

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2014 წელს  86.6%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით და დაზუსტებული მონაცემებით 1.75 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2007 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ეს საბოლოო მონაცემი „საქსტატმა“ 17 აგვისტოს გამოაქვეყნა და ის მნიშვნელოვნად აღემატება მარტში გასაჯაროებულ წინასწარ მონაცემებს, რომელიც 1.27 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა.

დაზუსტებული მონაცემების მიხედვით, 2014 წლის პირველ კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 309.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა; მეორე კვარტალში ეს მაჩვენებელი 196.2 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდა; მესამე კვარტალში 726 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო მეოთხე კვარტალში 526.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი 2014 წელს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფერომ მიიღო – 433.4 მლნ აშშ დოლარი, რაც სამჯერ მეტი ზრდაა წინა წელთან შედარებით; შემდეგ მოდის მშენებლობა  – 316.6 მლნ აშშ დოლარი (2013 წელს – 49.8 მლნ აშშ დოლარი); დამამუშავებელი მრეწველობა – 205.4 მლნ აშშ დოლარი, რაც დაახლოებით ორჯერადი ზრდაა წინა წელთან შედარებით; ენერგო სექტორი  – 189.9 მლნ აშშ დოლარი,  რაც ნაკლებია 2013 წელს დაფიქსირებულ 244.7 მლნ აშშ დოლარზე; უძრავი ქონება – 138.7 მლნ აშშ დოლარი (2013 წელს – 42.3 მლნ აშშ დოლარი); სასტუმროები და რესტორნები – 124.9 მლნ აშშ დოლარი; და საფინანსო სექტორი – 115.3 მლნ აშშ დოლარი.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უმეტესობა ნიდერლანდებში დარეგისტრირებულ  კომპანიებზე მოდიოდა – 373.7 მლნ აშშ დოლარი; ამას მოყვება აზერბაიჯანი  – 341.4 მლნ აშშ დოლარით; ჩინეთი – 217.9 მლნ აშშ დოლარით; ამერიკის შეერთებული შტატები  – 181.9 მლნ აშშ დოლარით; ლუქსემბურგი – 109.6 მლნ აშშ დოლარით; გაერთიანებული სამეფო – 107.6 მლნ აშშ დოლარით; რუსეთი – 82.2 მლნ აშშ დოლარით; პანამა – 70.7 მლნ აშშ დოლარით; თურქეთი – 63.1 მლნ აშშ დოლარით.

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2015 წლის პირველ კვარტალში 175 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 43.3%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამისი პერიოდის დაზუსტებულ მაჩვენებელზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)