რუსეთის საგარეო უწყება: საქართველოს მისწრაფებები ევროკავშირსა და ნატოში ურთიერთობების ნორმალიზებას აფერხებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველოს მისწრაფებები ნატოსა და ევროკავშირში იმ საკითხებს შორისაა, რომლებიც მოსკოვსა და თბილისს შორის ორმხრივი ურთიერთობების „სრულფასოვან ნორმალიზებას“ აფერხებს.

„საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობა, თბილისის ხელისუფლების უარი, რომ სოხუმთან და ცხინვალთან მიმართებაში „ოკუპირებული ტერიტორიების“ სტატუსის გამოყენებაზე უარი თქვას, ასევე ქვეყნის მიმდინარე კურსი ევროკავშირსა და ნატოში მაქსიმალური ინტეგრაციისკენ რუსეთ–საქართველოს ურთიერთობების სრულფასოვანი ნორმალიზების ბუნებრივ შემაჩერებელ ფაქტორებად დარჩება“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის ყოველწლიურ ანგარიშში საგარეო პოლიტიკური საქმიანობის შესახებ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ის კვლავაც განაგრძობს იმ პოლიტიკის განხორციელებას, რომელიც ორმხრივი კონტაქტების დამყარებას ითვალისწინებს, „ისეთ სფეროებში, სადაც ეს არ ეწინააღმდეგება რუსეთის ეროვნულ ინტერესებს და პირველ რიგში, ჰუმანიტარული და საქმიანი კონტაქტების გაფართოებას გულისხმობს“.

ანგარიში ქართული პროდუქციის იმპორტზე შეზღუდვების მოხსნას და ქართველი სპორტსმენების მონაწილეობას სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში 2014 წელს ორმხრივ ურთიერთობებში პოზიტიურ მოვლენებად მიიჩნევს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 9 ივნისს, რომ ანგარიში ცხადყოფს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი რუსეთის უკმაყოფილების მთავარ მიზეზად რჩება.

„ნებისმიერ სახელმწიფოს აქვს სუვერენული უფლება აირჩიოს, თუ რომელ გაერთიანებაში ან ალიანსში მიიღოს მონაწილეობა, ხოლო სწრაფვა ევროპულ და ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში წევრობისაკენ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის და პოლიტიკური სპექტრის არჩევანია“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 9 ივნისს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)