საქართველოში ერთი წლით უვიზოდ ყოფნა 104 ქვეყნისა და ტერიტორიის მოქალაქეებს შეეძლებათ
104 ქვეყნისა და ტერიტორიის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ყოფნის ვადა სრულ ერთ წლამდე გაუხანგრძლივდათ, მთავრობის იმ დადგენილების მიხედვით, რომლის მიღებაც მას სექტემბრიდან გამკაცრებული სავიზო და საიმიგრაციო რეგულაციების ლიბერალიზაციის თაობაზე მაისში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა განუსაზღვრა.
სავიზო რეჟიმის გამკაცრებიდან ცხრა თვეში, როცა 360 დღის განმავლობაში უვიზოდ ყოფნის უფლება 180 დღიან პერიოდში 90 დღემდე შეიზღუდა, საქართველომ ფაქტიურად ძველი რეგულაციები აღადგინა და ზუსტად იმ ქვეყნებისა და ტერიტორიების მოქალაქეებს გაუფართოვა ერთ წლამდე უვიზო რეჟიმი, რომელთაც ეს შეზღუდვა სექტემბრიდან შეეხოთ.
თუმცა ის 13 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებსაც სექტემბრამდე საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეეძლოთ და ეს უფლება ჩამოერთვათ, კვლავაც არ მოხვდა მთავრობის მიერ 5 ივნისს დამტკიცებულ ჩამონათვალში.
სექტემბრამდე არსებულ რეგულაციებთან მიმართებაში კიდევ ერთი განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ თუ ადრე კანონით იყო ქვეყნების ჩამონათვალი დარეგულირებული, ახლა ამ ნუსხას მთავრობა თავისი დადგენილებით განსაზღვრავს.
მთავრობის დადგენილების თანახმად, ევროკავშირის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა შეეძლებათ, როგორც პასპორტით, ისე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ გაცემული პირადობის მოწმობით, რომელშიც აღნიშნულია პირის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და დატანილია ფოტოსურათი.
ამავე დადგენილებით, მთავრობა იტოვებს უფლებას, რომ "განსაკუთრებულ შემთხვევებში" უცხოელს, რომელიც ვიზას საჭიროებს, თავისი გადაწყვეტილებით საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ერთი წლით ყოფნის უფლება მისცეს.
მეორე დადგენილება, რომელიც მთავრობამ 5 ივნისს დაამტკიცა და ასევე ძალაშია შესული, იმ 50-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიას განსაზღვრავს, რომელთა ვიზების ან ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში 90 კალენდარული დღის ვადით ყოფნა შეუძლიათ.
ამ ნუსხის დადგენაც მთავრობას მაისის დასაწყისში პარლამენტის მიერ დამტკიცებულმა იმ საკანონმდებლო ცვლილებებმა დაავალა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ავტორობით მომზადდა.