თბილისი სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში რუსულ სამხედრო წვრთნებს გმობს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ „უკიდურესი შეშფოთება“ გამოხატა სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში 10 ივნისს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ სამხედრო წვრთნების დაწყების გამო.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ცხინვალის ჩრდილოეთით მდებარე სოფელ ძარწემში მიმდინარე წვრთნებში 1500 სამხედრო მონაწილეობს სეპარატისტულ რეგიონში განთავსებული მისი სამხედრო ბაზიდან.
სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ წვრთნებში მონაწილეობენ უპილოტო საფრენი აპარატები „ზასტავა“, „გრანატი“, „ორლანი“ და „ლეერი“, ასევე მოდერნიზებული Т-72 BM ტიპის ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები BMP-2, თვითმავალი ჰაუბიცები “აკაცია“ და „გვოზდიკა“.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა 12 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში, რომ წვრთნები წარმოადგენს „საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას“ და რუსეთის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების „უხეშ დარღვევას“.
„ის საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებას“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და მოუწოდა „საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის აგრესიული ქმედებების ამ მორიგ გამოვლინებას, ადეკვატური რეაგირება მოახდინოს რუსეთის ფედერაციის მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯზე და არ დაუშვას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვისკენ მიმართული ქმედებები“.