თბილისში მომხდარი სტიქიის გამო საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა
თბილისში წყალდიდობით გამოწვეული სტიქიური მოვლენების გამო, რასაც სულ ცოტა რვა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, საავტომობილო მოძრაობა აიკრძალა ვაკე-საბურთალოს გზის გმირთა მოედანთან დამაკავშირებელ ახალ გზაზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ფილარმონიასთან გმირთა მოედნის მიმართულებით და ასევე ლაგუნა ვერეს მიმართულებით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 14 ივნისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოძრაობა დასაშვებია ბახტრიონის, პეკინის და ცინცაძის (ყოფილი საბურთალოს) ქუჩების მიმართულებით; ასევე თამარ მეფის პანდუსის გავლით „თბილისი ცენტრალი“-სკენ და ალექსიძის ქუჩით; ფილარმონიიდან ავტომანქანები იმოძრავებენ თავისუფლების მოედნის მიმართულებით და ელბაქიძის ქუჩისკენ, საიდანაც გალაქტიონის ხიდის გავლით მარჯანიშვილის ქუჩის მიმართულებით შეძლებენ გადაადგილებას.
საგანგებო რეჟიმის ფარგლებში, ავლაბრის მოედნიდან ჩამოსული ავტომანქანები იმოძრავებენ მხოლოდ მარცხენა სანაპიროს მიმართულებით; კრწანისის მოედნიდან წამოსული ტრანსპორტი კი მხოლოდ ლესელიძის ქუჩით და მეტეხის ხიდის გავლით იმოძრავებს მარცხენა სანაპიროსკენ.
თბილისში 13 ივნისს ღამით ძლიერი წვიმით გამოწვეულ წყალდიდობას, რომელიც ღამით გრძელდებოდა, სულ ცოტა რვა ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაკარგულები და დაშავებულები. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაახლოებით, 36 ადამიანი იყო ჰოსპიტალიზირებული, რომელთა უმეტესობამაც უკვე დატოვა სამედიცინო დაწესებულებები.
ყველაზე მეტად მდინარე ვერეს ხეობა დაზიანდა მდინარის ადიდების შედეგად, რამაც ოცზე მეტი სახლი და ზოოპარკი დატბორა. ზოოპარკის ბინადართა ნაწილი დაიხჩო, გაქცეული ცხოველების ნაწილი ნაპოვნი ან ლიკვიდირებულია, ხოლო ნაწილის სამძებრო სამუშაოები კვლავ გრძელდება. ძლიერმა წვიმამ წყნეთი-ბეთანიის გზაზე მეწერის ჩამოწოლა გამოიწვია; ასევე მნიშვნელოვნად დაზიანდა თბილისის მარჯვენა სანაპირო, რომელიც დაიტბორა.
ამჟამად, სამაშველო და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელშიც მერიის სამსახურებთან და შსს-ის დანაყოფებთან ერთად ასევე ჩართულია თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობა.