გარემოს დაცვის სამინისტრო წყალდიდობის მიზეზებზე საუბრობს

გარემოს დაცვის სამინისტრომ 15 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში განმარტა და გრაფიკულ გამოსახულებაში აჩვენა, რომ თბილისში 13-14 ივნისს მომხდარი წყალდიდობა წყნეთი-ბეთანიის გზაზე მდინარე ვერეს ხეობაში უხვი ნალექის შედეგად  ჩამოწოლილმა მეწყერმა განაპირობა, რომლის მიერ ხანმოკლე დროით შეგუებულმა მდინარემ გაარღვია ბარიერი, რა დროსაც ხეობაში წყლის დონემ აიწია და ღვარცოფული ნაკადის გავლამ ცალკეული ადგილები დატბორა.

„მდინარე ვერეს მარჯვენა ფერდობზე, სოფელ ახალდაბის მიმდებარე ტერიტორიასთან, წყნეთი-ბეთანიის საავტომობილო გზაზე ადგილი ჰქონდა კლდეზვავური ტიპის მეწყრული პროცესების განვითარებას. კერძოდ, მოწყდა დაახლოებით მილიონ მეტრ კუბამდე მყარი მასა, რამაც განაპირობა ღვარცოფული ნაკადის წარმოქმნა, ნაკადმა დროებით ჩაკეტა მდინარე ვერეს ხეობა“, – ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებაში. 

„შექმნილი ხანმოკლე წყალშეგუბების გარღვევას მოჰყვა მდინარე ვერეს ხეობაში წყლის დონის აწევა, ღვაროცოფული ნაკადის გავლა და ცალკეული ადგილების დატბორვა“, – აცხადებს  სამინისტრო, რომლის თქმითაც, მომხდარს „წინ უძღოდა უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლა სეტყვისა და წვიმის სახით“.

გარემოც დაცვის სამინისტროს განცხადებით, სტიქიური პროცესის არეალში მსგავსი მასშტაბის მოვლენის გამეორება არ ივარაუდება, თუმცა „ადგილი ექნება პროცესების არამასშტაბურ გააქტიურებას“.

სამინისტრო აცხადებს, რომ მისი გეოლოგები და ჰიდროლოგები სტიქიის ადგილებში პროცესების დეტალურ მონიტორინგს აწარმოებენ.

წყალდიდობის შედეგად ამ დროისთვის დადასტურებული ინფორმაციით 12 ადამიანი დაიღუპა, ხოლო დაკარგულად 20–ზე მეტი ადამიანი ითვლება. ათობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. წყალდიდობამ ცენტრალური გზები დააზიანა და ზოოპარკი გაანადგურა.