კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი: მოსახლეობას მტაცებელი ცხოველების მხრიდან საფრთხე არ ემუქრება
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ განაცხადა, რომ მოსახლეობას მტაცებელი ცხოველების მხრიდან საფრთხე არ ემუქრება.
„ყველა ცხოველი, რომელიც დაიკარგა ზოოპარკის ტერიტორიიდან, ან დაბრუნებულია ზოოპარკის ვოლიერებში, ან არის ნაპოვნი დამხრჩვალი წყალში, ან არის ლიკვიდირებული“, – განაცხადა სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე მინდია ჯანელიძემ 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი წყალდიდობის სალიკვიდაციო სამუშაოებზე საუბრისას.
ზოოპარკის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საძიებო სამუშაოების შედეგად ნაპოვნი და გადარჩენილია ორი დათვი, ორი ნიანგი, ორი მგელი, ექვსი პინგვინი, გარეული ტახის გოჭი და რამდენიმე ფრინველი. ზოოპარკში დაბრუნებულია ასევე ბეჰემოთი, რომელიც წყალდიდობის შედეგად გმირთა მოედანზე აღმოჩნდა.
„სოციალურ ქსელებში გავრცელებული სხვადასხვა ინფორმაცია და ფოტოები თბილისის უბნებში გამოჩენილ ცხოველებთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება. სტიქიის ღამიდან დღემდე ქალაქში არც ერთი ცხოველი არ იქნა აღმოჩენილი“, – ნათქვამია ზოოპარკის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ცხოველების დანაკარგის ზუსტი რაოდენობა დღის ბოლოსთვის ეცოდინება, თუმცა წინასწარი შეფასებით, „ზოოპარკის ბინადრების 50%–ზე მეტი დაიხრჩო“.
სტიქიას გადაურჩნენ მხოლოდ ის ცხოველები, მათ შორის სპილოები, თეთრი ლომები, ლეოპარდები, ირმები, ზებრები, ლამები, მარტორქა, ჯიხვი, რომელთა ვოლიერებიც შემაღლებულ ადგილას არის განთავსებული; ასევე სხვადასხვა სახეობის ფრინველები და ეგზოტარიუმი.
თბილისში მომხდარ წყალდიდობას ამ დროისთვის ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა; ოთხი ადამიანი დაიღუპა დატბორილ ზოოპარკში, რომელთა შორისაც სამი ზოოპარკის თანამშრომელი იყო.