ღარიბაშვილის თქმით, სტიქიით მიყენებული ზარალი ‘ალბათ 100 მლნ ლარამდე’ იქნება
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თბილისში მომხდარი წყალდიდობით მიყენებული ზარალის ოდენობამ შესაძლოა 100 მლნ ლარს მიაღწიოს.
„ზარალი საკმაოდ სოლიდურია, ალბათ 100 მლნ ლარამდე იქნება“, – განაცხადა მან სამშაბათს წყნეთში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობასთან სტუმრობისას, რომლებიც დროებით ყოფილ სამთავრობო აგარაკებში განათავსეს.
თავდაპირველად მთავრობამ მიყენებული ზარალის წინასწარი ოდენობა დაახლოებით 40 მლნ ლარის ფარგლებში შეაფასა, თუმცა მოგვიანებით განაცხადა, რომ ის ბევრად მეტი იქნებოდა.
„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ დონორებთან, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან… და იმედი გვაქვს, რომ დონორი ორგანიზაციები დაგვეხმარებიან ამ პრობლემების გადალახვაში. ჩვენ კონკრეტულ პროექტებს გავუმზადებთ დონორებს, წარვუდგენთ იმ საჭიროებებს, რომელიც არის პირველი ეტაპის განსაკუთრებული ღონისძიებები“, – განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა 16 ივნისს.
ევროკავშირმა, მისმა ცალკეულმა ქვეყნებმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ისევე როგორც მეზობელმა ქვეყნებმა, მათ შორის რუსეთმა, საქართველოსთვის დახმარების აღმოჩენის თაობაზე მზადყოფნა გამოთქვეს.