ღარიბაშვილი: სტიქიის ადგილას უნდა გაშენდეს პარკი ტრაგიკულად დაღუპულთა უკვდავსაყოფად
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს საზოგადოებიდან წამოსულ იდეას სტიქიის შედეგად ტრაგიკულად დაღუპული ადამიანების ხსოვნის უკვდავსაყოფად ვერეს ხეობაში და ზოოპარკის ტერიტორიაზე ახალი პარკის მშენებლობის თაობაზე.
13-14 ივნისს თბილისში მომხდარ წყალდიდობას ამ ეტაპზე არსებული ოფიციალური ინფორმაციით 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 5 მოქალაქე კი დაკარგულად ითვლება.
„მიმაჩნია, რომ თბილისში უნდა გაჩნდეს ადგილი, რომელიც უკვდავყოფს ტრაგიკულად დაღუპული ჩვენი თანამოქალაქეების ხსოვნას და გაგვახსენებს, რომ ძალა ერთობაშია! ვიცი, რომ ეს მოთხოვნა საზოგადოებასაც აქვს.. და ვფიქრობ, ვერეს ხეობაში და ზოოპარკის ტერიტორიაზე ასეთი პარკი უნდა გაშენდეს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა თავის სამძიმრის წერილში.
„ეს უნდა იყოს სოლიდარობის პარკი – ჩვენი ერთიანობის, თავდადებისა და ერთმანეთისადმი თანადგომის სიმბოლო“, – ნათქვამია 16 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ადამიანურ „დანაკარგს ვეღარაფერი აანაზღაურებს“ და კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებსა და მთელ საქართველოს, რომელიც მომხდარმა ტრაგედიამ „შეძრა“ და „გააერთიანა“.
„დღეს ჩვენი ხალხი, როგორც არასოდეს, ერთიანია. თითოეული ჩვენგანი ამ ერთობის, სოლიდარობის მოწმეც არის და მონაწილეც. ამ მძიმე დღეებში ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ერთმანეთის გვერდით დგომით ყველა სიძნელეს გადავლახავთ“, – აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.