პროკურატურამ დატბორილი გზატკეცილის მშენებლობისას უსაფრთხოების წესების შესაძლო დარღვევაზე გამოძიება დაიწყო

მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ გმირთა მოედნის ვაკე-საბურთალოს გზასთან დამაკავშირებელი გზატკეცილის სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების შესაძლო დარღვევის ფაქტზე გამოძიება 14 ივნისს დაიწყო.

ვერეს ხეობაში გამავალი გზატკეცილი სტიქიის ეპიცენტრი იყო 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი წყალდიდობის დროს, როცა ადიდებულმა ვერემ გზის სავალი ნაწილი და მიმდებარე ტერიტორია წალეკა და სულ ცოტა 17 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

„გამოძიების ფარგლებში შესწავლილი იქნება მდინარე ვერეს ხეობაში სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე გამოკვლეული იყო თუ არა ადგილმდებარეობა, გათვალისწინებული იქნა თუ არა მოსალოდნელი რისკები და მშენებლობისას დაცული იყო თუ არა უსაფრთხოების ნორმები“, – განაცხადა პროკურატურამ 17 ივნისს.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსს 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომელიც სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ეხება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან ხვა მძიმე შედეგი გამოიწვია. ეს დანაშაული ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ისჯება.