ვეფხვი, რომელმაც მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა, ლიკვიდირებულია



ვეფხვი, რომელიც ლაგუნა ვერესთან ახლოს მამაკაცს თავს დაესხა და მოკლა, პოლიციის მიერ ლიკვიდირებულია, 17 ივნისი, 2015. ფოტო: შსს

ზოოპარკიდან თბილისში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაკარგული თეთრი ვეფხვი, რომელიც დღეს ლაგუნა ვერეს სიახლოვეს მდებარე შენობაში მამაკაცს თავს დაესხა და მისი სიცოცხლე იმსხვერპლა, „ლიკვიდირებულია“, აცხადებს შსს.

ვეფხვის მიერ დაზიანებული დაახლოებით 40 წლის მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო, განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა ავთანდილ იმედაძემ.

ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც დაახლოებით 24 საათით ადრე სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ განაცხადა 16 ივნისს, რომ მტაცებელი ცხოველები გარეთ არ იმყოფებიან და ისინი საფრთხეს არ უქმნიან ადამიანებს. ანალოგიური განცხადება 15 ივნისს საღამოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც გააკეთა.

თავდასხმის ინციდენტი იმ შენობაში მოხდა, რომელიც საწყობად გამოიყენება. 

თვითმხილველის თქმით, მუშები შენობაში დასასუფთავებლად იმყოფებოდნენ, როცა თეთრი ვეფხვი შეტევაზე გამოვიდა და ზოგიერთმა მუშამ თავს გაქცევით უშველა.

ადგილზე შეიარაღებული სამართალდამცავები განათავსეს და ინციდენტის ადგილიდან სროლების ხმაც ისმოდა.

"ცხოველი აგრესიული იყო და მისი ლიკვიდაცია გახდა საჭირო", – განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

16 ივნისს სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა, მინდია ჯანელიძემ განაცხადა: „გუშინ გავრცელდა ზოოპარკის ადმინისტრაციის მხრიდან ინფორმაცია და დღეს ეს ინფორმაცია გადამოწმდა და დადასტურდა – „ყველა ცხოველი, რომელიც დაიკარგა ზოოპარკის ტერიტორიიდან, ან დაბრუნებულია ზოოპარკის  ვოლიერებში, ან არის ნაპოვნი დამხრჩვალი წყალში, ან არის ლიკვიდირებული. ასე რომ მოსახლეობის საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ  ამ ეტაპისთვის მტაცებელი ცხოველების მხრიდან მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება“.

15 ივნისს საღამოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა საგანგებო შტაბის სხდომაზე საუბრისას: „გაწმენდითი სამუშაოების შედეგად ნაპოვნია რამდენიმე დამხრჩვალი ლომი, დათვი და მგელი. ზოოპარკის ადმინისტრაციისგან მიღებული ინფორმაციით, სოციალურ ქსელებში და საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული სხვადასხვა სახის ინფორმაცია და ფოტოები თბილისის ქუჩებში მტაცებელი ცხოველების გამოჩენასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება. ეს მინდა, რომ მოსახლეობას ვუთხრა. ასევე ზოოპარკის ადმინისტრაციისგან მიღებული ცნობით, არც ერთი მტაცებელი ცხოველი ზოოპარკის ფარგლებს გარეთ არ იმყოფება და მოსახლეობას ამ მხრივ პანიკის საფუძველი არ გააჩნია“. 

თუმცა, ზოოპარკის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მზია შარაშიძემ განუცხადა ჟურნალისტებს 16 ივნისს, რომ დატბორილ ზოოპარკში მკვდარი ვეფხვი იპოვეს, თუმცა კვლავ იძებნებიან ვეფხვი, აფთარი და დათვი.

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)