ღარიბაშვილი მტაცებლებთან დაკავშირებით ‘ზოოპარკის ადმინისტრაციაზე’ დაყრდნობით არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო ბოდიშს იხდის
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მწუხარება გამოთქვა თბილისის ცენტრში დღეს მომხდარი „საზარელი“ ფაქტის გამო, როცა ზოოპარკიდან გაქცეული ვეფხვის თავდასხმამ მამაკაცი იმსხვერპლა და ბოდიში მოიხადა იმ განცხადების გამო, რომელიც მან ორი დღის წინ ‘ზოოპარკის ადმინისტრაციაზე’ დაყრდნობით გაავრცელა იმის შესახებ, რომ „მტაცებელი ცხოველები აღარ იმყოფებოდნენ ქალაქში და რომ საფრთხეს აღარ წარმოადგენდნენ მოსახლეობისთვის“.
საგანგებო შტაბის სატელევიზიო სხდომაზე ღარიბაშვილმა მოუწოდა მთავარ პროკურორს გიორგი ბადაშვილს, რომელიც ასევე ესწრებოდა ხდომას შს მინისტრთან ვახტანგ გომელაურთან, თბილისის მერთან დავით ნარმანიასთან და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანთან მინდია ჯანელიძესთან ერთად, რომ გამოიძიონ მომხდარი, რათა „დადგინდეს ობიექტური სიმართლე და გამოირიცხოს ნებისმიერი სპეკულაცია და ნებისმიერი შეკითხვა“.
ბადაშვილმა უპასუხა, რომ დაწყებულია გამოძიება სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტზე და „ტარდება ყველა საგამოძიებო მოქმედებები, რაც მოგცემს საშუალებას, რომ ჩვენ ობიექტურად ვისაუბროთ, თუ ვისი და რა მიზეზობრივი კავშირით მოხდა ეს უბედური შემთხვევა“.
ღარიბაშვილმა 15 ივნისს საღამოს საგანგებო შტაბის სხდომაზე განაცხადა: „ზოოპარკის ადმინისტრაციისგან მიღებული ცნობით, არც ერთი მტაცებელი ცხოველი ზოოპარკის ფარგლებს გარეთ არ იმყოფება და მოსახლეობას ამ მხრივ პანიკის საფუძველი არ გააჩნია“. 16 ივნისს კი მინდია ჯანელიძემ გაიმეორა, რომ მტაცებელი ცხოველები გარეთ არ იმყოფებოდნენ და ისინი საფრთხეს არ უქმნიდნენ ადამიანებს.
„მე, რა თქმა უნდა, ვგრძნობ ძალიან შეწუხებულად თავს. მე მინდა საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის მიუხედევად იმისა, რომ ეს ინფორმაცია ეყრდნობოდა ზოოპარკის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და წყარო იყო თვითონ ზოოპარკის ადმინისტრაცია, თვითონ დირექტორი, რომელმაც არაერთხელ განუცხადა საგანგებო შტაბს, ასევე შსს-ს, რომ ეს ცხოველები აღარ იმყოფებოდნენ გარეთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა დღეს მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ.
მან ასევე განაცხადა, რომ მიუხედევად იმისა, თუ რა ინფორმაციას აწვდიდა მათ „არაერთგზით“ ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე, ეს ინფორმაცია მაინც უნდა გადამოწმებულიყო.
„არ დაეყრდნოთ ზოოპარკის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. თავად გადაამოწმეთ, მიდით ზოოპარკში, გააგზავნეთ ჯგუფები და დარწმუნდით რამდენი ცხოველი არის ზოოპარკში დარჩენილი და რამდენი არის გარეთ. სანამ არ აღმოაჩენთ ცხოველების გვამებს, მანამდე არ გაავრცელოთ ინფორმაცია და მოსახლეობას სწორი გადამოწმებული ინფორმაცია მიაწოდეთ“, – მიმართა ღარიბაშვილმა სხდომაზე დამსწრეებს
მან ასევე გააფრთხილა მოსახლეობა, რომ "რაღაც საფრთხე" კვლავ არსებობს.
მინდია ჯანელიძემ განაცხადა, რომ კრიზისების მართვის საბჭოში ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მტაცებლები ზოოპარკს მიღმა აღარ იყვნენ, ორშაბათს შუადღისით შევიდა და ეს ინფორმაცია მხოლოდ ზოოპარკთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გადამოწმების შემდეგ გავრცელდა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საგანგებო შტაბის სხდომაზე განაცხადა, რომ ზოოპარკის დირექტორის ინფორმაციის მიუხედევად, რომ აღარცერთი ცხოველი დაკარგულად არ ითვლებოდა, სამძებრო ღონისძიებები მაინც გრძელდებოდა.
მისივე თქმით, ის ტერიტორია, სადაც ვეფხვის თავდასხმის ინციდენტი მოხდა, „ძალიან ბევრჯერ“ შემოწმდა. მისი თქმით, ამ სასაწყობო შენობაში, რომელსაც აქვს გისოსები და რკინის კარი, იდგა წყალი, რის გამოც სამძებრო ჯგუფი "იქ ვერ შევიდოდა". მისივე თქმით, ჯერ-ჯერობით დაუდგენელია, თუ როგორც აღმოჩნდა ვეფხვი ამ შენობის შიგნით.
წყალდიდობის შედეგად ზოოპარკიდან გაქცეული ვეფხვი მამაკაცს ლაგუნა ვერესთან ახლოს მდებარე შენობაში დღეს დილით დაესხა თავს და მისი სიცოცხლე იმსხვერპლა. მოგვიანებით, სპეცრაზმელებმა ვეფხვის ლიკვიდაცია მოახდინეს.
გომელაურმა განაცხადა, რომ „ალბათ მაინც ვერ გავექცეოდით ამ ფაქტს“ მიუხედევად იმისა იქნებოდა თუ არა განცხადება იმის შესახებ გაკეთებული, რომ მტაცებელი ცხოველები არ იმყოფებოდნენ თავისუფლებაზე.