ზოოპარკის დირექტორი: ‘ჩემი ბრალია’ მტაცებელთა მხრიდან საფრთხის მოხსნის თაობაზე სახელმწიფოს მიერ არასწორი ინფორმაციის გავრცელება
ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ მას შემდეგ, რაც მისი ინფორმაციით, „გარკვეულ შეხვედრაზე“ იმყოფებოდა პოლიციაში, განაცხადა, რომ მისი „ბრალია“ ის, რომ სახელმწიფო სტრუქტურებმა გაავრცელეს არასწორი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზოოპარკიდან დაკარგულად არცერთი მტაცებელი აღარ ითვლებოდა და მოსახლეობას შეეძლო უსაფრთხოდ ეგრძნო თავი.
ამ განცხადების გაკეთების შემდეგ ზურაბ გურიელიძე დასაკითხად თბილისის მთავარ პროკურატურაში იმყოფება.
15 ივნისს საღამოს ჯერ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მომდევნო დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ გააკეთეს განცხადებები და აღნიშნეს, რომ მოსახლეობას დაკარგული მტაცებლების მხრიდან საფრთხე აღარ ემუქრებოდა; 17 ივნისს დილით კი ლაგუნა ვერესთან მდებარე ერთ-ერთ შენობაში თეთრი ვეფხვი დაესხა თავს მამაკაცს და მისი სიცოცხლე იმსხვერპლა. მოგვიანებით, ვეფხვი სამართალდამცავების მიერ ლიკვიდირებული იქნა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამ ტრაგიკული ინციდენტის შემდეგ ბოდიში მოიხადა მანამდე გაკეთებული განცხადებების გამო და არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ეს არასწორი ინფორმაცია ზოოპარკის დირექტორზე დაყრდნობით გაკეთდა გადამოწმების გარეშე. „არ დაეყრდნოთ ზოოპარკის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. თავად გადაამოწმეთ“, – განაცხადა მან საგანგებო შტაბის სხდომაზე და გამოძიებისკენ მოუწოდა.
მთავარი პროკურორის გიორგი ბადაშვილის განცხადებით, ვეფხვის თავდასხმის ინციდენტის გამოძიება "სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტზე" დაიწყო.
ამ განცხადებებიდან ცოტა ხანში სპეციალური განცხადება გააკეთა პრესისთვის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ.
„მთლიანად ვაცნობიერებთ ამ მძიმე შემთხვევას“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ სტიქიის ღამის შემდეგ დაღუპული და დაკარგული ცხოველების რაოდენობის მონიტორინგის ფარგლებში „ყველა ინფორმაციით, რაც გუშინ საღამოს გვქონდა, ეს საფრთხე აღარ არსებობდა, რის შესახებაც გუშინაც განვაცხადე“.
„ამის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მაინც პატრულირებდა პერიმეტრზე, მაგრამ შიგნით შენობებში ძებნა არ ხორციელდებოდა“, – განაცხადა გურიელიძემ პრესასთან თავის შესავალ სიტყვაში, რომელსაც ის დაწერილიდან კითხულობდა.
„სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ ვეფხვი, რომელიც ჩათვლილი იყო როგორც მოკლული, აღმოჩნდა ცოცხალი და დამალული ერთ–ერთ შენობაში და შესაბამისად, მოხდა ის, რაც მოხდა“, – განაცხადა ზოოპარკის დირექტორმა.
„ყველაზე მთავარი არის ის, რომ ვაცნობიერებ იმას, რომ ჩემი ინფორმაციის მიწოდებით სახელმწიფო სტრუქტურებმა გაავრცელეს ეს ინფორმაცია; ჩემი შეტყობინების შედეგად ჩაითვალა, რომ საფრთხე აღარ არსებობს და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩემი ბრალია“, – განაცხადა ზოოპარკის დირექტორმა.
„თუმცა გარწმუნებთ, რომ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მსგავსი შემთხვევა არ განმეორდეს“, – დასძინა მან.
გურიელიძის განცხადებით, მისთვის რაიმე ბრალი არ წაუყენებიათ.
„ვიყავი გარკვეულ შეხვედრაზე პოლიციაში“, – განაცხადა მან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ იმყოფებოდა თუ არა ის დაკითხვაზე.
ზოოპარკის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მზია შარაშიძემ განუცხადა ჟურნალისტებს 16 ივნისს, რომ დატბორილ ზოოპარკში მკვდარი ვეფხვი იპოვეს, თუმცა კვლავ იძებნებოდნენ ვეფხვი, აფთარი და დათვი.
ზოოპარკის დირექტორმა 17 ივნისს განაცხადა, რომ ამ დროისათვის დაკარგულად ითვლება ერთი პატარა ვეფხვი და ერთი პატარა ზომის, ზოლებიანი აფთარი, რომელიც „ადამიანისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს“.
„უბრალოდ ერთიც და მეორეც გაურკვეველია არიან გაქცეულები თუ ჯერ კიდევ შლამში იმყოფებიან, რომელიც კიდევ ბლომად არის ზოოპარკის ტერიტორიაზე“, – განაცხადა გურიელიძემ.
როცა ის ამ განცხადებას აკეთებდა, პოლიციას გადაკეტილი ჰქონდა ვაკეში, ფალიაშვილისა და რიგის ქუჩის კვეთასთან ახლომდებარე ტერიტორია, რადგან შესული შეტყობინების საფუძველზე ეძებდა ვეფხვს, რომელიც ადგილზე ვერ იქნა ნაპოვნი.