ფინანსთა მინისტრის თქმით, საბიუჯეტო ხარჯები 140 მილიონი ლარით მცირდება

ბიუჯეტი, მიმდინარე ხარჯების მიმართულებით, დაახლოებით 140 მილიონი ლარით მცირდება, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომაზე სამშაბათს დილით.

„თუმცა მათი ძალიან დიდი ნაწილი მიმართული იქნება კაპიტალური პროექტების განხორციელებისთვის“, – განაცხადა ხადურმა და დასძინა, რომ შემცირება სოციალურ ხარჯებს არ შეეხება.

მან ასევე განაცხადა, რომ შემცირება მეტწილად შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს მიმდინარე ხარჯების შემცირების ხარჯზე გახდა შესაძლებელი.

ამ ეტაპზე შემცირების დეტალური სქემა უცნობია.

„ეს მანამდეც უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“ , – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე, რომელსაც ბიუჯეტის დაგეგმილი გადახედვა ჰქონდა მხედველობაში.

პრემიერ–მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ „რეგიონში თითქმის ყველა სახელმწიფომ გააკეთა ბიუჯეტის კორექტირება და ეს, რა თქმა უნდა, იქიდან გამომდინარეობს, რომ არის ძალიან სერიოზული კრიზისი მთელს რეგიონში“.