აშშ-ის საზღვაო ძალების სამხედრო ხომალდი ბათუმის პორტს სტუმრობს
ამერიკული "ლაბუნის" ფოტო მისი ვებგვერდიდან.
ამერიკული ნაღმოსანი „ლაბუნი“ (DDG-58), რომელიც შეერთებული შტატების საზღვაო ძალების მე-6 ფლოტს ეკუთვნის, 27–29 ივნისს ბათუმის პორტს სტუმრობს.
„საქართველოში ყოფნისას, ნაღმოსანი „ლაბუნი“ საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურთან რუტინულ ერთობლივ მეცადინეობას ჩაატარებს და უმასპინძლებს სტუმრებს“, – განაცხადა აშშ–ის საელჩომ თბილისში.
„ამერიკული ნაღმოსნის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს შეერთებული შტატების სურვილს, განამტკიცოს ურთიერთობა ნატოელ მოკავშირეებსა და საქართველოს მსგავს პარტნიორებთან შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობასთან დაკავშირებული საერთო ამოცანების გადასაწყვეტად“, – განაცხადა საელჩომ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა, რომელიც ეწვია „ლაბუნს“ ბათუმში, დაწერა თავის Twitter-ზე, რომ ეს ვიზიტი ადასტურებს აშშ–ის მზადყოფნას, გააძლიეროს ურთიერთობები ნატოს მოკავშირეებთან.
The USS Laboon made a port visit in Batumi.This visit reaffirms US commitments to strengthen ties w/ #NATO allies pic.twitter.com/Cn8JF5TC3x
— Tina Khidasheli (@tinakhidasheli) June 28, 2015
“ლაბუნის“ სტუმრობა აშშ-ის საზღვაო ძალების სხვა წარმომადგენელთა ადრინდელი ვიზიტების გაგრძელებაა და მოკავშირე და პარტნიორ სახელმწიფოებთან შეერთებული შტატების პროფესიული და პერსონალური ურთიერთობების გამტკიცებას ემსახურება“, – ნათქვამია აშშ–ის საელჩოს განცხადებაში.
ამერიკული ნაღმოსნის მეთაურმა კრისტოფერ მაკკალუმმა განაცხადა, რომ სამხედრო ხომალდი შავ ზღვაზე დაახლოებით ერთი კვირაა იმყოფება და „ახლა მოუთმენლად ველით ჩვენს ქართველ პარტნიორებთან ნაპირზე მუშაობას“.