ღარიბაშვილი ეროვნულ ბანკთან დაკავშირებულ სადავო ცვლილებებზე კომენტარს აკეთებს
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგობა იმ კანონპროექტის მიმართ, რომელიც ეროვნულ ბანკს საზედამხედველო ფუნქციას ართმევს და ცალკე სააგენტოს გადასცემს, „გაუგებარია“ და ამ კანონპროექტზე ვეტოს დადების შემთხვევაში, ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობა მას გადალახავს, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
კანონპროექტი, რომელიც პრეზიდენტის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ბიზნეს ასოციაციების, ოპოზიციური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჯგუფის კრიტიკის სამიზნე გახდა, პარლამენტმა პირველი მოსმენით 27 ივნისს მიიღო.
„ამ კანონპროექტმა თავდაპირველად მღელვარება გამოიწვია საერთაშორისო სავალუტო ფონდში, აზიის განვითარების ბანკში, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკში, მსოფლიო ბანკში და იმ საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომლებთანაც საქართველოს მთავრობა წლებია თანამშრომლობს“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა „ასავალ–დასავალთან“ ინტერვიუში, რომელიც 29 ივნისს გამოქვეყნდა, „ეს ორგანიზაციები ჩვენთვის ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანია და ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ მათთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაღრმავოთ. შესაბამისად, ამ საერთაშორისო ორგანიზაციებს ავუხსენით, რომ ჩვენი მიზანი არ არის ეროვნული ბანკის პოლიტიზირება. პირიქით, ჩვენი ამოცანა მისი დეპოლიტიზებაა“.
„მეგობარმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა ძალიან სასარგებლო რჩევები მოგვცეს და მე მიხარია, რომ ჩვენმა პარლამენტმა ეს რეკომენდაციები გაიზიარა“, – დასძინა მან.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა, აზიის განვითარების ბანკმა და მსოფლიო ბანკმა საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის ეროვნულ ბანკისთვის დატოვებისკენ მოუწოდეს.
ამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა პრემიერ–მინისტრისთვის და პარლამენტის თავმჯდომარისთვის გაგზავნილ ერთობლივ წერილში თავიანთი წუხილები გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ „საქართველოს შემთხვევაში, ეროვნული ბანკისთვის საბანკო ზედამხედველობის ჩამორთმევა გონივრულად არ მიიჩნევა“. თუმცა წერილში, ასევე ნათქვამია, რომ თუ ხელისუფლებას „გადაწყვეტილი აქვს“, რომ ზედამხედველობის ფუნქცია ეროვნულ ბანკს ჩამოაშოროს, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება იმას, რომ კანონპროექტში გათვალისწინებული იყოს წერილში გამოთქმული წუხილები.
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა მიანიშნა, რომ ის ვეტოს დაადებს კანონპროექტს, რომელიც პარლამენტმა მეორე და მესამე მოსმენებით უნდა დაამტკიცოს. პრეზიდენტის ადმინისტრაცია, რომელმაც გააკრიტიკა კანონპროექტი პროფესიონალური არგუმენტების ნაკლებობის გამო, აღნიშნავს, რომ ის ფორმა, რომლითაც კანონპროექტი იქნა შემუშავებული, არღვევს საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს, ვინაიდან ეროვნულ ბანკთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში ცვლილებები ევროკავშირის და ევროპის ცენტრალური ბანკის ექსპერტებთან წინასწარი კონსულტაციების გარეშე შედის.
„რაც შეეხება პრეზიდენტს და მის ეკონომიკურ მრჩევლებს, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ აქვთ მათ ასეთი სკეპტიკური დამოკიდებულება ეროვნული ბანკიდან კომერციულ ბანკებზე საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებით? მათი ამგვარი პოზიცია ბევრ კითხვას აჩენს“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.
„თუ პრეზიდენტი ეროვნულ ბანკთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტოს დაადებს, მაშინ პარლამენტი მოახდენს მობილიზებას ამ ვეტოს დასაძლევად, როგორც ეს წინა რამდენიმე შემთხვევაში მოხდა და პრეზიდენტის ვეტოები დაძლეულ იქნა“, – დასძინა მან.
კოალიცია ქართულ ოცნებას 86 ადგილი აქვს საკანონმდებლო ორგანოში; სულ ცოტა 76 ხმაა საჭირო პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)