ფეხბურთის ფედერაცია: უეფას სუპერთასის ბილეთები ონლაინ გაყიდვების ჩაშლის გამო სალაროებში გაიყიდება
უეფას სუპერთასზე საქართველოსთვის განკუთვნილი ბილეთები სალაროებიდან გაიყიდება მას შემდეგ, რაც ბილეთების ექსკლუზიური გაყიდვის უფლების მქონე Biletebi.ge-მ ვერ უზრუნველყო თავის ვებგვერდზე ბილეთების შეუფერხებელი გაყიდვა, განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ.
ეს განცხადება სამშაბათს საღამოს მას შემდეგ გაკეთდა, რაც ფეხბურთის ათასობით გულშემატკივარს მთელი დღე ამაოდ მოუწია Biletebi.ge-ს ვებგვერდზე ონლაინ რიგში ლოდინი.
უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული საფეხბურთო კლუბი „ბარსელონა“ 11 აგვისტოს დინამო არენაზე დაგეგმილ სუპერთასზე უეფას ევროპის ლიგის გამარჯვებულ „სევილიას“ დაუპირისპირდება.
Biletebi.ge-ს თავდაპირველად ბილეთების ონლაინ გაყიდვა 22 ივნისს უნდა დაეწყო, თუმცა ვებგვერდმა ვერ გაუძლო მოზღვავებულ მომხმარებელს და პრობლემები შეექმნა.
29 ივნისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განაცხადა, რომ Biletebi.ge-მ მოაგვარა ყველა პრობლემა და საქართველოში უეფას სუპერთასის მატჩზე ბილეთების ონლაინ გაყიდვა 30 ივნისს დაიწყებოდა.
თუმცა ბილეთების გაყიდვის დაწყებიდან ცოტა ხანში პრობლემები ისევ შეიქმნა და უამრავი პრეტენზია განჩნდა იმის გამო, რომ მათი რიგის დადგომის მიუხედავად, მომხმარებლები მაინც ვერ ახერხებდნენ ბილეთების შეძენას.
Biletebi.ge-მ, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის სახელით მოქმედებს, სამშაბათს საღამოს აღიარა პრობლემის არსებობა და განაცხადა, რომ ის წყვეტს ბილეთების გაყიდვას.
ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ადგილობრივი გულშემატკივრებისთვის გამოყოფილი 24 000 ბილეთიდან დაახლოებით 2 060 ბილეთი გაიყიდა პროცესის შეწყვეტამდე.
„ჩვენ მთელი დღის განმავლობაში გვქონდა უეფასთან მიმოწერა, სადაც ჩვენ ვითხოვდით [კონტრაქტის] შეწყვეტას Biletebi.ge-სთან და საბოლოოდ სიტყვიერი პასუხი მივიღეთ და ამ პროცესიდან Biletebi.ge გამოერთო“, – განუცხადა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ „რუსთავი 2“–ს სამშაბათს.
მან განაცხადა, რომ ბილეთები სალაროდან გაიყიდება და დასძინა, რომ ფეხბურთის ფედერაციას ამ საკითხზე უეფასთან წინასწარი კონსულტაციები ჰქონდა.
მან ასევე განაცხადა, რომ ფედერაცია შემდგომ დეტალებს უეფასთან ვიდეო კონფერენციის საშუალებით 1 ივლისს განიხილავს.
„რამდენიმე დღე დაგვჭირდება იმისთვის, რომ დავბეჭდოთ ეს ბილეთები და მივაწოდოთ გულშემატკივრებს. ეს ბილეთები სალაროებში გაიყიდება“, – განაცხადა სიჭინავამ.