ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 5.5%–მდე გაზარდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით 5.5%–მდე გაზარდა და მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ წლის ბოლოსთვის საპროცენტო განაკვეთი 6.5%–მდე გაიზარდოს.

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განაცხადა 1 ივლისს გამართული შეხვედრის შემდეგ, რომ მისი გადაწვეტილება ეფუძნება მაკროეკონომიკურ პროგნოზს, რომლის მიხედვითაც, გაიზარდა ინფლაციის მოლოდინები და საპროგნოზო ინფლაციაზე მოქმედი შიდა და გარე რისკები.

წლიურმა ინფლაციამ მაისში 3.5% შეადგინა მას შემდეგ, რაც აპრილში 2.5%–იანი ინფლაცია დაფიქსირდა.

„არსებული პროგნოზის შესაბამისად მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს საპროცენტო განაკვეთის ეტაპობრივ ზრდას 2015 წლის ბოლოს 6.5 პროცენტამდე“, – განაცხადა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა. 

6 მაისს გამართული შეხვედრის შემდეგ, როდესაც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 4.5%–დან 5%–მდე გაიზარდა, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი წლის ბოლოსთვის საპროცენტო განაკვეთის 5.5%–მდე გაზრდას პროგნოზირებდა.

ეროვნულმა ბანკმა ასევე განაცხადა, რომ „შიდა მოთხოვნა კვლავ შესუსტებული რჩება“.

2015 წლის მაისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 2.1% შეადგინა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ხოლო 2015 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 2.5% შეადგინა.

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ იანვარ–მაისში 3.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 13%–იანი კლებაა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

ექსპორტის მოცულობა 25%–ით შემცირდა 2015 წლის პირველ ხუთ თვეში და 884 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. იმავე პერიოდში ასევე შემცირდა ექსპორტის მოცულობა ევროკავშირში 4%–ით და 242 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. იანვარ–მაისში იმპორტის მოცულობამ ოდნავ გადააჭარბა 3 მილიარდ აშშ დოლარს, რაც 9%–იანი კლებაა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2015 წლის 12 აგვისტოს გაიმართება.