ბურჯანაძე მოსკოვში რუსეთის ოფიციალურ პირებს შეხვდა



ნინო ბურჯანაძე რუსულ ტელეარხ NTV-სთან ინტერვიუს დროს

ოპოზიციური დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს და სახელმწიფო სათათბიროს სპიკერს სერგეი ნარიშკინს შეხვდა.

„გაიცვალა შეხედულებები რუსულ–ქართული ურთიერთობების გაუმჯობესების და განვითარების პერსპექტივების შესახებ“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ 10 ივლისს გავრცელებულ მოკლე პრეს–რელიზში.   

ბურჯანაძემ, რომელიც მოსკოვს სახელმწიფო სათათბიროს მოწვევით სტუმრობს „21–ე საუკუნის საერთაშორისო სამართლის პრობლემებისადმი მიძღვნილ მრგვალ მაგიდაში“ მონაწილეობისთვის, გრძელი ინტერვიუები მისცა ტელეკომპანიებს NTV-სა და „როსია 24“-ს.

მისი თქმით, რუსეთის ოფიციალურ პირებთან შეხვედრების დროს დაინახა, რომ „ქართულ–რუსულ ურთიერთობებში არსებული პრობლემების გაგებისა და მათი მოგვარების ხელშეწყობის რეალური სურვილი“ არსებობს.

ბურჯანაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ დგამს „საკმარის ნაბიჯებს,  რომელიც განავითარებს პირდაპირ დიალოგს საქართველოსა და რუსეთს შორის; ამიტომ, მე ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ ეს კონტაქტები დამყარდეს და როგორღაც შეიქმნას პირობები მტკივნეულ საკითხებზე დიალოგისთვის“, მათ შორის სეპარტატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე.

საქართველოს ნატოში ინტეგრაციის შესახებ ბურჯანაძემ განაცხადა, რომ არსებულ სიტუაციაში არც რეალისტურია და არც საქართველოს ინტერესებში შედის, რომ ალიანსის წევრი გახდეს.

„უპირველეს ყოვლისა, უნდა ვაღიაროთ, რომ არავინ გველოდება ნატოში და არავინ გვიღებს ნატოში – ეს ცალსახად ნათელია. მეორე მხრივ, იმ დროს, როდესაც რუსული სამხედრო ბაზებია განთავსებული საქართველოს ტერიტორიაზე [სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში], დანარჩენ საქართველოში ნატოს სამხედრო ბაზების განთავსებაზე და საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე საუბარი არც რეალისტურია და არც საქართველოს ინტერესებში შედის“, – განაცხადა ბურჯანაძემ NTV–სთან ინტერვიუში და დასძინა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უცხოური სამხედრო ბაზები არ უნდა იყოს განთავსებული.

როდესაც მას საქართველოს ექს–პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნის შესახებ ჰკითხეს, ბურჯანაძემ უპასუხა: „მე მეცოდებიან უკრაინელები, რადგანაც კარგად ვიცი სააკაშვილის რეფორმების ნამდვილი ფასი და მეორე მხრივ, მე, ისევე როგორც ბევრს საქართველოში, წყენა გვაქვს უკრაინის ხელისუფლების მიმართ, რომელმაც, გულწრფელად რომ ვთქვათ, ამ დანიშვნით სილა გააწნა ქართველ ხალხს, რადგანაც სააკაშვილი იძებნება საქართველოში“.  

მან ასევე განაცხადა, რომ ეს დანიშვნა „იმ პროექტის ნაწილია, რომელიც ახლა უკრაინაში ხორციელდება; ცალსახაა, რომ გარკვეული წრეები ამერიკის შეერთებულ შტატებში კონკრეტულ პროექტს ახორციელებდნენ საქართველოში, რომლის ნაწილიც სააკაშვილი და მისი გუნდი იყო და ახლა იგივე გუნდი იმავე პროექტს ახორციელებს უკრაინაში – ამ პროექტის მიზანია, რომ ნებისმიერი ხერხით ავნონ რუსეთს და პრობლემების ზონა შექმნან რუსეთის ფედერაციის პერიმეტრის გასწვრივ“.

როდესაც ბურჯანაძეს საქართველოში რუსეთის შესახებ არსებული საზოგადოებრივი განწყობის შესახებ ჰკითხეს, მან უპასუხა, რომ ხალხი გაღიზიანებული და „იმედგაცრუებულია“  იმ „შეცდომების“ გამო, რომელიც რუსეთმა დაუშვა საქართველოს მიმართ, მაგრამ „მეორე მხრივ, მე ვხედავ, რომ სულ უფრო მეტ ადამიანს სულ უფრო მეტად ესმის, რომ ურთიერთობების დალაგება მნიშვნელოვანია“.

„თუმცა, ამას ვერ ვუწოდებდი ‘პრორუსულ განწყობებს’… მე ამას ვუწოდებდი დამოკიდებულებას რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების, ნორმალიზების სასარგებლოდ… ასეთი განწყობები იზრდება“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ მისი პარტია არ არის „პრორუსული ძალა, არამედ ის პროქართულია“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)