მარგველაშვილი: ცხინვალის რეგიონში რუსეთის მიერ საზღვრის აღმნიშვნელი ქმედებები ვერ დააკნინებს საქართველოს სატრანზიტო როლს
ტრაფარეტი წარწერით „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი“ სეპარატისტული რეგიონის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან 10 ივლისს აღიმართა.
რუსეთის მიერ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან, აღმოსავლეთ–დასავლეთის მაგისტრალის სიახლოვეს და იმ ტერიტორიაზე, სადაც კომპანია BP–ის მართული ბაქო–სუფსის ნავთობსადენი გადის, ვერ დააკნინებს საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის მნიშვნელობას, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.
„საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის და, ბუნებრივია, ჩემთვის, მიუღებელია სუვერენულ ქართულ მიწაზე გამყოფი ზოლის ყოველი ახალი მეტრი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასეთი გამყოფი ხაზი გადის სტრატეგიული ობიექტების მახლობლად“, – განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.
„მაგრამ ჩვენი ქვეყნის ფუნქცია, როგორც სატრანზიტო ქვეყნის, რომელსაც ჩვენ ასე ეფექტიანად ვავითარებთ, არ დაკნინდება, არამედ მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება“, – განაცხადა მან.
მარგველაშვილმა ეს განცხადება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან კიასტუტის იანკაუსკასთან, ასევე საქართველოს ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კორპორაციის და „ბრითიშ პეტროლიუმ“-ის (BP) წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
10 ივლისს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები იქნა განთავსებული გორის რაიონის სოფელ წითელუბნისა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ახალი „საზღვრის აღმნიშვნელი“ ბანერიდან თვალის გაწვდენაზე საქართველოს მთავარი აღმოსავლეთ–დასავლეთის მაგისტრალი მოჩანს, რომელიც ასევე გამოიყენება აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან წამოსული სატრანსპორტო საშუალებების შავი ზღვის პორტებისა და თურქეთის მიმართულებით გადაადგილებისთვის.
წყვეტილი ხაზი სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრციულ საზღვარს აღნიშნავს.
კომპანია BP–ს მიერ ოპერირებული 830-კილომეტრიანი ბაქო–სუფსის ნავთობსადენის 1 605 მეტრი სიგრძის მონაკვეთი რუსი სამხედროების მიერ 10 ივლისს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან აღმართული ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების მიღმა მოექცა.
ბაქო–სუფსის ნავთობსადენი, რომელიც დასავლეთ მარშრუტის საექსპორტო მილსადენის სახელითაა ცნობილი, აზერბაიჯანიდან სუფსის ტერმინალისკენ გადის.
BP საქართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თამილა ჩანტლაძემ განუცხადა Civil.ge-ს 13 ივლისს, რომ დასავლეთ მარშრუტის საექსპორტო მილსადენი ჩვეულებრივ, უსაფრთხოდ და მაღალი საერთაშორისო სტანდარტებით განაგრძობს ფუნქციონირებას.
2014 წელს ბაქო-სუფსას მილსადენის საშუალებით 31 მილიონი ბარელი ნავთობის ტრანსპორტირება განხორციელდა, ხოლო 2015 წლის პირველ ნახევარში – 16 მილიონის.
BP–ის მიერ მართული კიდევ ერთი ნავთობსადენის, ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის საშუალებით, რომელიც ასევე საქართველოში გადის, 2014 წელს 260 მილიონ ბარელზე მეტი ნავთობის ტრანსპორტირება განხორციელდა აზერბაიჯანიდან თურქეთის ჯეიჰანის პორტში.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ დასავლეთ მარშრუტის საექსპორტო მილსადენის 1 605 მეტრის სიგრძის მონაკვეთი, რომელიც თბილისის კონტროლს მიღმა არსებულ ტერიტორიაზე მოექცა, გვერდს აუვლის ამ ტერიტორიას, თუკი მას პრობლემები შეექმნება.
BP საქართველოს ინფორმაციით, ჯერ კიდევ საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების განთავსებამდე კომპანია ამუშავებდა მილსადენის განახლების, დარჩენილი საბჭოური მილების შეცვლისა და მისი ზოგიერთი მონაკვეთის მარშრუტის შეცვლის გეგმებს.
BP–ის წარმომადგენლის თქმით, სწორედ ამ გეგმის ფარგლებში მოხდება მილსადენის ახალგორის რაიონის ტერიტორიიდან გადატანა.
როდესაც დასავლეთ მარშრუტის საექსპორტო მილსადენი სრულად ამოქმედდა 1999 წელს, ახალგორის რაიონი, ისევე როგორც ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სხვა ნაწილები, თბილისის კონტროლს ექვემდებარებოდა; საქართველოს ხელისუფლებამ ამ ტერიტორიებზე კონტროლი 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაკარგა.
ბაქო-სუფსას მილსადენიდან საქართველოს ხელისუფლებამ შარშან 7.7 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო.
2006 წელს, როცა მილსადენი სარემონტო სამუშაოების გამო დროებით დაიხურა, ნავთობის ტრანსპორტირება ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის მილსადენით და რკინიგზის მეშვეობით ხორციელდებოდა.
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ ბაქო–სუფსის მილსადენის მუშაობის თაობაზე გამოთქმულ წუხილებს „გამოგონილი“ უწოდა.
ხოხ გაგლოითიმ, რომელიც ცხინვალს წარმოადგენს ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრებზე, განაცხადა, რომ „სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გეგმიური სამუშაოების“ მიმართ თბილისის „ისტერია“ არის „ვულგარული პროვოკაცია“.
„თბილისის ცალკეული პოლიტიკურ–ადმინისტრაციული წარმომადგენლის წუხილები ბაქო–სუფსის საერთაშორისო ნავთობსადენის იმ მონაკვეთის ფუნქციონირების თაობაზე, რომელიც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გადის, გამოგონილია“, – განაცხადა გაგლოითიმ.
„ბაქო–სუფსის ნავთობსადენი, რომელიც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გადის, შესაბამის სამუშაო რეჟიმში მუშაობს დღიდან მისი გაყვანისა. ბაქო–სუფსის ნავთობსადენის მომსახურების თაობაზე კითხვების წარმოშობის შემთხვევაში, კომპანია BP–ს შეუძლია დამოუკიდებლად მიმართოს სამხრეთ ოსეთს და არ არსებობს არანაირი ეჭვი იმისა, რომ ყველაფერი გაკეთდება და კეთდება მისი სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის“, – განაცხადა გაგლოითიმ.
იმავდროულად, 13 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა უცხოელ დიპლომატებს შეხვდა და მათ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების განთავსების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო ბანერების „უკანონოდ აღმართვა“ და მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას „სათანადო შეფასება მისცენ ამ ნაბიჯს, რომელიც ადგილზე უსაფრთხოებისა და მშვიდობის წინააღმდეგ არის მიმართული“.
თუ ბანერების აღმართვას ე.წ. საზღვრის მოწყობის ქმედებებიც მოყვება, მათ შორის მავთულხლართების გავლება, როგორც ეს ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის ზოგიერთ სხვა ადგილას მოხდა, ადგილობრივები თავიანთი სასოფლო–სამეურნეო მიწებიდან მოწყვეტილები აღმოჩნდებიან.
„ეს არის აშკარად პროვოკაცია, მიზანმიმართული პროვოკაცია. ძალიან სახიფათო პროვოკაციაა“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ 12 ივლისს.
აბაშიძემ, რომელიც იმ ტერიტორიებს ესტუმრა, სადაც რუსმა მესაზღვრეებმა „სამხრეთ ოსეთის საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერები აღმართეს, განაცხადა, რომ იგი ამ საკითხს 15 ივლისს პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გრიგორი კარასინთან შეხვედრაზე დააყენებს იმ პირდაპირი ორმხრივი დიალოგის ფარგლებში, რომელიც ორ ქვეყანას შორის 2012 წლის ბოლოს დაიწყო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)