პარლამენტმა მაღალმთიან რეგიონებში შეღავათების დაწესებაზე კანონპროექტი მიიღო

პარლამენტმა 16 ივლისს მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც სხვადასხვა სახის შეღავათებს უწესებს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას, რისთვისაც სულ ცოტა 93 მლნ ლარის ხარჯის გაწევა იქნება საჭირო.

ამ შეღავათების უმეტესობა, მათ შორის მასწავლებლების, ექიმების და პენსიონერების დანამატები, 2016 წლიდან ამოქმედდება, ნაწილი კი, როგორიცაა მაგალითად ელექტროენერგიის გადასახადის სახელმწიფო თანადაფინანსება, 2017 წლიდან შევა ძალაში. ინიციატივა ასევე ითვალისწინებს იმ მეწარმე სუბიექტების გადასახადებიდან გათავისუფლებას, რომელსაც მთავრობა „მაღალმთიანი დასახლების საწარმოს“ სტატუსს მიანიჭებს.

2016 წლის იანვრიდან კანონპროექტი ითვალისწინებს ყოველთვიური 100-ლარიანი დახმარების ერთი წლის განმავლობაში გაწევას ყოველ პირველ და მეორე შვილზე და 200-ლარიან დახმარებას მესამე და შემდგომ ბავშვზე ორი წლის განმავლობაში; ასევე დამატებითი დაფინანსებაა გათვალისწინებული მაღალმთიან რეგიონებში არსებული საჯარო სკოლებისთვის.

2016 წლის იანვრიდან სახელმწიფო პენსიის ორმაგი ოდენობით დამატებით დაფინანსებას მიიღებენ ექიმები, ხოლო პენსიის ერთმაგ ოდენობას ექთნები, რომლებიც სახელმწიფო მფლობელობაში მყოფ საავადმყოფოებსა და სამედიცინო ცენტებში იმუშავებენ.

მაღალმთიან რეგიონებში დასაქმებული საჯარო სკოლის მასწავლებლები ხელფასის ყოველთვიური ოდენობის 35%-იან დანამატს 2016 წლის სექტემბრიდან მიიღებენ.

მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პენსიონერები დანამატის სახით ყოველთვიური პენსიის 20%-ს მიიღებენ, ხოლო ის მაცხოვრებლები, რომლებიც სოციალური დახმარების სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობენ, შესაბამისი დახმარების პაკეტების ოდენობის 20%-ს მიიღებენ დამატებით 2016 წლის სექტემბრიდან.

ასევე მომავალი წლის სექტემბრიდან ამოქმედდება დებულება, რომლის მიხედვითაც 15 ოქტომბრიდან 15 აპრილის ჩათვლით გათბობის უზრუნველყოფის მიზნით „შესაბამისი ღონისძიებები“ განხორციელდება. ამ ღონისძიებებს კი მთავრობა განსაზღვრავს.

კონსერვატიული შეფასებით მთავრობა ვარაუდობს, რომ ამ შეღავათების დაფინანსებას სულ ცოტა 93 მლნ ლარი დასჭირდება.

მთავრობის მიერ შემოთავაზებული ამ ინიციატივის თავდაპირველი ვერსია ამ შეღავათების უმრავლესობის ამოქმედებას მოგვიანებით, მათ შორის 2018 წლიდან ითვალისწინებდა. თუმცა ვადები ქართული ოცნების იმ მაჟორიტარი დეპუტატების დაჟინებული თხოვნით გადმოიწია, რომლებიც მაღალმთიანი რაიონებიდან არიან არჩეულნი. მათი ერთ-ერთი არგუმენტი იმაში მდგომარეობდა, რომ ამ შეღავათების შემოღების თაობაზე დაპირებები მათ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გასცეს და ისინი ამჟამინდელი პარლამენტის ოთხწლიანი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე – 2016 წლის ოქტომბრის მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე უნდა შესრულდეს.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს საშემოსავლო, მოგების და ქონების გადასახადისგან ათი წლის ვადით  იმ მეწარმე სუბიექტების გათავისუფლებას, რომელთაც „მაღალმთიანი დასახლების საწარმოს“ სტატუსი მიენიჭებათ მთავრობის გადაწყვეტილებით.

თუმცა კანონპროექტი ასევე აწესებს გამონაკლისებს და ადგენს, რომ ეს საგადასახადო შეღავათები არ შეიძლება გავრცელდეს იმ საწარმოზე, რომელიც ახორციელებს ლიცენზირებას ან ნებართვას დაქვემდებარებულ საქმიანობას; ასევე მომსახურების მიმწოდებელ და სავაჭრო ბიზნესებზე. თუმცა კანონპროექტში ასევე ნათქვამია, რომ მთავრობას შეეძლება გამონაკლისი შემთხვევები დააწესოს და ამ სექტორებში მოქმედ სუბიექტებზეც გაავრცელოს საგადასახადო შეღავათები. საგამონაკლისო კრიტერიუმებს მთავრობა თავად დაადგენს.

ოპოზიციონერი დეპუტატები ნაციონალური მოძრაობიდან ამ კრიტერიუმების კანონით დადგენას სთავაზობდნენ, რადგან მთავრობისთვის ამ უფლების მინიჭებით, მათი თქმით, კორუფციული რისკები გაიზრდება.

კანონპროექტი განსაზღვრავს, რომ მაღალმთიანი რეგიონის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს ზღვის დონიდან 1 500 მეტრზე მდებარე დასახლებებს შემდეგ კუთხეებში: ხევი, მთიულეთი, პანკისის ხეობა, აჭარის მაღალმთიანეთი, გუდამაყრის ხეობა, ფშავ-ხევსურეთი, თუშეთი, ზემო სვანეთი, ქვემო სვანეთი, ლეჩხუმი და რაჭა.

მთავრობას ასევე ექნება უფლება ეს სტატუსი მიანიჭოს ზღვის დონიდან 800 მეტრზე ან გამონაკლის შემთხვევებში უფრო დაბლა მდებარე დასახლებებსაც, რა დროსაც მხედველობაში უნდა მიიღოს ამ ტერიტორიაზე არსებული პირობები დაწყებული სასოფლო-სამეურნეო მიწის სიმწირიდან, დამთავრებული დემოგრაფიული მდგომარეობით.

საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც წელიწადის განმავლობაში 9 თვე მაინც ცხოვრობს მაღალმთიან დასახლებაში, შესაძლებლობა ექნება, რომ კანონპროექტით დადგენილი შეღავათებით ისარგებლოს. მას „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსს“ შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებელი ან მერი მიანიჭებს. კანონპროექტის განხილვის დროს დეპუტატებმა ნაციონალური მოძრაობიდან გამოთქვეს შიში, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ამ უფლებით აღჭურვა კორუფციის რისკებს გაზრდის და ისინი, ვინც რეალურად არ ცხოვრობენ მაღალმთიან დასახლებებში, შესაძლოა მოხვდნენ შეღავათების მიმღებთა სიაში.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)