ტუსკი მიესალმა თბილისის ‘პასუხისმგებლურ რეაქციას’ რუსეთის ‘პროვოკაციებზე’



ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ჭოგრიტით ხელში სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე სტუმრობისას, რა დროსაც მას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვრივებლები ინფორმაციას აწვდიან ადგილზე არსებული ვითარების შესახებ, 21 ივლისი, 2015, ფოტო: ევროპული საბჭო

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ის აფასებს საქართველოს ხელისუფლების „პასუხისმგებლურ რეაქციას“ რუსეთის „აშკარა პროვოკაციაზე“, რომლის ფარგლებშიც „გამყოფი ინფრასტრუქტურა“ განთავსდა სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე.

ტუსკმა ეს განცხადება 21 ივლისს საქართველოს პრემიერ–მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა მას შემდეგ, რაც იმავე დღეს დილით სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს ესტუმრა, სადაც ცოტა ხნის წინ რუსმა სამხედროებმა სადემარკაციო ნიშნები განათავსეს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის სიახლოვეს და კომპანია BP–ის მართული ბაქო–სუფსის ნავთობსადენის 1 605 მეტრიანი მონაკვეთის ტერიტორიაზე.

„მე ვნახე, როგორ იგება გამყოფი ინფრასტრუქტურა სასაზღვრო ზოლის გასწვრივ“, – განაცხადა ტუსკმა პრემიერ–მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა 20 ივლისს პრეზიდენტ მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც, ახალი სადემარკაციო ნიშნების განთავსება „აშკარა პროვოკაციაა“, რომელიც არ უწყობს ხელს სიტუაციის სტაბილიზაციისკენ მიმართულ ძალისხმევას.

„ნება მომეცით, გითხრათ ბატონო პრემიერ–მინისტრო, რომ ნამდვილად ვაფასებ თქვენს ძალიან პასუხისმგებლურ რეაქციას; ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის და მთელი ევროპისთვის, რომ ეს პრობლემა პასუხისმგებლობით და ცივი გონებით მოგვარდეს“, – განაცხადა ტუსკმა.

მისი ვარაუდით, ამ „პროვოკაციების“ მიზანი საქართველოს მხრიდან გადამეტებული რეაგირების გამოწვევაა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ მტკიცენი, თუმცა ამავე დროს პასუხისმგებლიანები“, – დასძინა მან.

პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა „შეშფოთება“ გამოხატა ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო და მას „პროვოკაცია“ უწოდა.

„საქართველოს მთავრობა მტკიცედ, მაგრამ მშვიდად შეხვდა მას“, – განაცხადა მან, „ჩვენი საერთო მიზანია, რომ არ წამოვეგოთ ამ პროვოკაციებს და არ მივცეთ არავის საბაბი ესკალაციისთვის“.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პრემიერ–მინისტრთან შეხვედრაზე საქართველოს საშინაო პოლიტიკაც განიხილეს. 

„მე ხაზი გავუსვი, რომ ყველა პარტიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული უკიდურესობების პოლიტიკა. სამართლებრივი პროცესი პოლიტიკური მოტივაციისაგან თავისუფალი უნდა იყოს; ეს ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და ასევე ჩვენი ურთიერთობებისთვის“, – განაცხადა ტუსკმა.

ტუსკმა, რომელიც 21 ივლისს ნაციონალური მოძრაობის და თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლებს შეხვდა, ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, რომ რეფორმების პროცესი „რაც შეიძლება მეტად ინკლუზიური გახდეს“.

რაც შეეხება ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციას, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა პრემიერ–მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, რომ საქართველომ კარგ პროგრესს მიაღწია და „თუ ეს პროგრესი გაგრძელდება, თუ მომდევნო ტექნიკური ანგარიში“ წლის ბოლომდე დადებითი იქნება, „ვფიქრობ, თქვენ შეძლებთ, წარმატებით დაასრულოთ ეს პროცესი უახლოეს მომავალში“.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სავიზო დიალოგის წარმატებით დასრულება“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა, „მე ბატონ ტუსკს მოვახსენე, რომ ჩვენ, მთელი მთავრობა არის მოტივირებული, რომ პირნათლად შევასრულოთ ყველა ის ვალდებულება, რომელიც გვაქვს ნაკისრი ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ ამ გეგმის განხორციელება „მიმდინარეობს წარმატებით, ჩვენ ჩამორჩენა არ გვაქვს“.

„ჩვენ პრაქტიკულად ყველა ის ვალდებულება შევასრულეთ, რომელიც ვიკისრეთ [ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით] და ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ წლის ბოლოს ევროკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება პოზიტიური“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)