საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2015 წლის პირველ ნახევარში



საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2010–2015 წლების იანვარ–ივნისში მილიონ აშშ დოლარში. წყარო: საქსტატი

„საქსტატის“ მიერ გავრცელებული მონაცემების თანახმად, 2015 წლის პირველ ნახევარში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 12.6%–ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 4.76 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა; უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 0.4%–ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 2.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

იანვარ–ივნისში იმპორტის მოცულობა 8.6%–ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 3.68 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

ექსპორტის მოცულობა 2015 წლის პირველ ნახევარში 23.8%–ით შემცირდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 1 მილიარდ აშშ დოლარს ოდნავ გადააჭარბა, რაც ძირითადად, აზერბაიჯანში ავტომობილების რეექსპორტის და რუსეთში ღვინის ექსპორტის შემცირებამ გამოიწვია.

საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან 2015 წლის პირველ ნახევარში 1.43 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.8%–იანი ზრდაა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

ექსპორტი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში 2%–ით შემცირდა იანვარ–ივნისში და 293 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი ექსპორტის 27%–ს შეადგენს; იმპორტი 3%–ით გაიზარდა და 1.14 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის მთლიანი იმპორტის 31%–ს შეადგენს.
დსთ–სთან ვაჭრობა 2015 წლის პირველ ნახევარში 21%–ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 1.35 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

საქართველოს ექსპორტი დსთ–ს ქვეყნებში 45%–ით შემცირდა და 417 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 39%–ს შეადგენს, ხოლო იმპორტი 2%–ით შემცირდა და 939 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის მთლიანი იმპორტის 26%–ს შეადგენს.

თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომელთან სავაჭრო ბრუნვამაც 2015 წლის პირველ ნახევარში 755.7 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. საქართველოდან თურქეთში ექსპორტი 2.6%–ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 109.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 22%–ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 646.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

თურქეთის შემდეგ მოდის აზერბაიჯანი, რომელთან სავაჭრო ბრუნვამ 408.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა წლის პირველ ნახევარში; აზერბაიჯანში ექსპორტი 54.9%–ით შემცირდა და 130.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ძირითადად, ავტომანქანების რეექსპორტის 2014 წლის იანვარ–ივნისში არსებული 147.5 მლნ აშშ დოლარიდან 2015 წლის იმავე პერიოდში 41.8 მლნ აშშ დოლარამდე შემცირების შედეგად. იმპორტი აზერბაიჯანიდან 5.6%–ით შემცირდა და 277.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ჩინეთი საქართველოს მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომელთან ბრუნვამაც 2015 წლის პირველ ნახევარში 370.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამავე პერიოდში საქართველოს ექსპორტი ჩინეთში 81.3%–ით გაიზარდა 55.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ძირითადად, სპილენძის მადნების და კონცენტრატების ექსპორტის ორჯერადი ზრდის გამო 44 მილიონ აშშ დოლარამდე. იმპორტი ჩინეთიდან 10%–ით შემცირდა და 315 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა 2015 წლის პირველ ნახევარში.

ჩინეთის შემდეგ მოდის რუსეთი, რომელთან სავაჭრო ბრუნვამ 336.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა; ექსპორტი რუსეთში თითქმის ორჯერ შემცირდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 2015 წლის პირველ ნახევარში 70.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. რუსეთიდან იმპორტი 16%–ით გაიზარდა და 266 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

რუსეთს მოყვება უკრაინა 257.6 მილიონიანი სავაჭრო ბრუნვით; გერმანია – 239.2 მლნ აშშ დოლარით; სომხეთი – 191.6 მლნ აშშ დოლარით;  აშშ – 181.8 მლნ აშშ დოლარით; ბულგარეთი – 173.6 მლნ აშშ დოლარით; ირლანდია – 146.6 მლნ აშშ დოლარით (ეს მაჩვენელი თითქმის მთლიანად იმპორტს შეადგენს ირლანდიიდან, რადგანაც ექსპორტმა საქართველოდან ამ ქვეყანაში მხოლოდ 118 600 აშშ დოლარი შეადგინა 2015 წლის პირველ ნახევარში). 

მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი აღარ წარმოადგენს ქვეყნის უმსხვილეს საექსპორტო ჯგუფს, რომელმაც თითქმის სამჯერადი კლება განიცადა 2015 წლის პირველ ნახევარში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 99.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფია სპილენძის მადნები და კონცენტრატები 129.6 მლნ აშშ დოლარით, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.8%–იანი კლებაა; შემდეგ მოდის ფეროშენადნობები – 110.4 მლნ აშშ დოლარი (31.3%–იანი კლება წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით); საქართველომ 2015 წლის პირველ ნახევარში 73.6 მილიონი აშშ დოლარის თხილის ექსპორტი განახორციელა, რაც 2.6–ჯერადი ზრდაა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით; მედიკამენტები – 64.5 მლნ აშშ დოლარი (68.4%–იანი ზრდა); აზოტოვანი სასუქები – 50.3 მლნ აშშ დოლარი (31.8%–იანი კლება); მინერალური წყლები – 45.6 მლნ აშშ დოლარი (37.1%–იანი კლება); ღვინო – 39.8 მლნ აშშ დოლარი (53%–იანი კლება); ნედლი ნავთობი – 33.5 მლნ აშშ დოლარი (99.1%–იანი ზრდა);  ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული – 28.8 მლნ აშშ დოლარი (79.6%–იანი ზრდა).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2015 წლის პირველ ნახევარში ნავთობპროდუქტები იყო 305.2 მილიონი აშშ დოლარით (26.8%–იანი კლება); შემდეგ მოდის სამკურნალო საშუალებები – 297.8 მლნ აშშ დოლარი (თითქმის ორჯერადი ზრდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით); მსუბუქი ავტომობილები – 244.1 მლნ აშშ დოლარი (26.4%–იანი კლება); ნახშირწყალბადები – 221.9 მლნ აშშ დოლარი (21.9%–იანი ზრდა); სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 109.5 მლნ აშშ დოლარი (17%–იანი ზრდა); სატელეფონო აპარატები, ფიჭური ან სხვა უსადენო ქსელებისთვის – 68.1 მლნ აშშ დოლარი (19.6%–იანი კლება); სიგარეტები – 48.6 მლნ აშშ დოლარი (9.7%–იანი ზრდა); ხორბალი – 47.6 მლნ აშშ დოლარი (1%–იანი ზრდა); ეთილის სპირტი არადენატურირებული – 30.7 მლნ აშშ დოლარი (25.9%–იანი ზრდა); წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, ე.წ."არმატურა" – 30 მლნ აშშ დოლარი (6.5%–იანი ზრდა).

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)